ვაქცინაციის საკითხებში ბრიტანეთის მთავრობის მრჩეველების განცხადებით, 40 წელს გადაცილებულ მოქალაქეებს კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის მესამე, ე.წ. ბუსტერ დოზებს შესთავაზებენ, - ამის შესახებ BBC წერს.
უფრო ზუსტად, 40-დან 49 წლამდე ასაკის პირები, მეორე დოზის მიღებიდან 6 თვის შემდეგ, „ფაიზერის“ ან „მოდერნას“ ვაქცინების კიდევ ერთი დოზის მიღებას შეძლებენ.
დიდი ბრიტანეთის ჯანმრთელობის უსაფრთხოების სააგენტოს ცნობით, სამი დოზა ინფიცირების რისკს 93%-ზე მეტით ამცირებს.
ვაქცინაციისა და იმუნიზაციის გაერთიანებული კომიტეტი აცხადებს, რომ 16 და 17 წლის ახალგაზრდები, რომლებსაც თავდაპირველად მხოლოდ კოვიდვაქცინის ერთ დოზას სთავაზობდნენ, მეორედაც უნდა აიცრან.
ამ დროისთვის, გაერთიანებულ სამეფოში 12,6 მილიონმა ადამიანმა მიიღო კოვიდვაქცინის მესამე დოზა. ესენი არიან 50 წელს გადაცილებული ადამიანები, სამედიცინო პერსონალი და, ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე, რისკის ქვეშ მყოფი პირები.
imedinews.ge