ომიკრონის გამო გახანგრძლივებული შეზღუდვების შედეგად, ათასობით ბრიტანულ ტურისტულ კომპანიას გაკოტრების საფრთხე ემუქრება. The Guardian-ის ცნობით, ტუროპერატორებმა 2022 წლის დასაწყისში ჯავშნების მესამედი დაკარგეს.
„2021 წლის ზაფხულში შიდა ტურიზმის ბუმისა და ქვეყნის მასშტაბით გაზრდილი დაჯავშნილი ტურების მიუხედავად, გაერთიანებულ სამეფოში ათასობით ტურისტულმა კომპანიამ შესაძლოა, ბაზარი დატოვოს,“ - წერს გაზეთი და Travel Alliance-ის გამოკითხვის მონაცემები მოჰყავს, რომლის მიხედვითაც, ინდუსტრიის, თითქმის, 2 ათას წარმომადგენელს შორის, 11% მიმდინარე წელს გაკოტრებას მოელის, ხოლო 41% დარწმუნებულია, რომ ეს „ადრე თუ გვიან“ მოხდება.
გაზეთის ცნობით, ომიკრონის გამო ტუროპერატორებისა და სასტუმროების, თითქმის მესამედმა იანვარ-მარტში დაჯავშნილი შესახლებების ნახევარი მაინც დაკარგა.
„ტურიზმზე სამთავრობო დახმარება შემცირდა, ამიტომ გამოკითხული ტურისტული კომპანიების მეოთხედმა განაცხადა, რომ ფინანსური რეზერვები აღარ გააჩნია, ხოლო 50% მოელის, რომ თანხები უახლოეს ორ თვეში ამოეწურება,“ - წერს გაზეთი.
გაერთიანებული სამეფოს ტურიზმის ალიანსის დირექტორი, კურტ იანსონი აცხადებს, რომ გასულ ზაფხულს პლაჟები და ზღვისპირა კურორტები 100%-ით იყო დატვირთული, მაგრამ ამან შიდა ტურიზმის საერთო ვარდნა მხოლოდ შენიღბა.
რაც შეეხება უცხოელ ტურისტებზე მომუშავე ტუროპერატორებს, ისინი დიდ ბრიტანეთში ტურისტული ნაკადის 60%-ზე არიან პასუხიმგებელი. თუმცა, როგორც გაზეთი წერს, დიდი ბრიტანეთი საერთაშორისო ასპარეზზე ნაკლებად კონკურენტუნარიანი იმის გამოც ხდება, რომ ტურისტებს ქვეყნიდან გასვლის დროს დღგ-ს აღარ უნაზღაურებენ, ხოლო ევროკავშირის მოგზაურებს დიდ ბრიტანეთში შესასვლელად პასპორტი სჭირდებათ.
„თუკი ტურისტები ჩინეთიდან და ახლო აღმოსავლეთიდან ლონდონის მახლობლად, Bicester Village-ზე დადიოდნენ საყიდლებზე, ახლა ისინი უფრო საფრანგეთს აირჩევენ, რადგან იქ შეუძლიათ, tax free გააფორმონ,“ - აცხადებს კურტ იანსონი.
The Guardian წერს, რომ 1-ლი აპრილიდან საშეღავათო პერიოდი მთავრდება და სასტუმროებს, რესტორნებსა და მომსახურების სხვა წარმომადგენლებს სესხების გადახდა ისევ მოუწევთ. ამასთან, მათ 2020 წელს დაწესებული 12,5%-ის ნაცვლად, 20%-იანი დღგ უნდა იხადონ. გაერთიანებული სამეფოს სასტუმროების ბიზნესის ასოციაცია მიიჩნევს, რომ შემომავალი ტურიზმისა და განსახლების ობიექტებისთვის შეღავათიანი განაკვეთი უნდა შენარჩუნდეს, რადგან დიდ ბრიტანეთში დასვენების ღირებულების 1%-ით შემცირება შემომავალი ტურიზმიდან შემოსავლის 1.3%-იან ზრდას უზრუნველყოფს.
BPN.GE