„ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის (BTK) გახსნით ყარსი მნიშვნელოვანი ლოგისტიკური ბაზა გახდა," - ამის შესახებ თურქეთის ტრანსპორტისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ადილ კარაისმაილოღლუმ Twitter-ის საკუთარ გვერდზე დაწერა.
ექსპლუატაციაში მიღების დღიდან ყარსის ლოგისტიკური ცენტრიდან 417 000 ტონა ტვირთი გადაიზიდა.
"მოდით, გავაგრძელოთ მუშაობა თურქეთის ლოგისტიკურ ზესახელმწიფოდ გადაქცევაზე“, - წერს თურქი მინისტრი სოციალურ მედიაში და ხაზს უსვამს, რომ ბაქო-თბილისი-ყარსის (BTK) რკინიგზა უზრუნველყოფს უწყვეტ სარკინიგზო კომუნიკაციას აზიიდან ევროპასთან. მისი თქმით, ეს ხაზი გახდა ყველაზე სტრატეგიული დამაკავშირებელი წერტილი ცენტრალურ დერეფანს პეკინიდან ლონდონამდე და რკინის აბრეშუმის გზას შორის ყაზახეთიდან თურქეთამდე. მისივე განმარტებით, BTK-მ ახალი ერა გახსნა სატვირთო გადაზიდვებში.
ცნობისთვის, ბაქო-თბილისი ყარსის რკინიგზა (BTK) 2017 წლის 30 ოქტომბერს გაიხსნა. სარკინიგზო ხაზი აკავშირებს აზიისა და ევროპის სარკინიგზო ქსელებს. ეს არის უმოკლესი გზა არა მხოლოდ 3 ქვეყანას, არამედ აზიასა და ევროპას შორის. BTK საშუალებას გაძლევთ შეამციროთ საქონლის ტრანსპორტირების დრო. რკინიგზა ხელს უწყობს ცენტრალური აზიის ქვეყნების - თურქმენეთის, ყაზახეთის, უზბეკეთის, ყირგიზეთის, ტაჯიკეთისა და ავღანეთის შესვლას ევროპულ და მსოფლიო ბაზრებზე. BTK– ის საერთო სიგრძეა 846 კმ. აქედან აზერბაიჯანის ტერიტორიაზე გადის 504 კმ რკინიგზა, 263 კმ გადის საქართველოზე, ხოლო სარკინიგზო ხაზის 79 კმ თურქეთშია განთავსებული. ამ მაგისტრალზე სამგზავრო გადაყვანების ამოქმედებაც იგეგმება, ოღონდ მას შემდეგ, რაც მშენებლობა დასრულდება და მაგისტრალი თავისი სარკინიგზო შემადგენლობით ყველა სტანდარტის სერტიფიკატს მიიღებს. ბაქო - თბილისი - ყარსის (BTK) რკინიგზა ბევრად უფრო მომგებიანადაა მიჩნეული ტვირთების გადასაზიდად, ვიდრე ტრადიციული საზღვაო გადაზიდვები, თუმცა ბაქო - თბილისი - ყარსის რკინიგზა დღემდე სატესტო რეჟიმში მუშაობს და, ექსპერტების შეფასებით, ამ დერეფნის სარგებლიანობას ამცირებს და საქართველოც კარგავს შემოსავალს. ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზა ექსპლუატაციაში, სავარაუდოდ, 2022 წლის ბოლოს შევა. ამჟამად, BTK-ზე სატესტო რეჟიმში მიმდინარეობს მხოლოდ სატვირთო გადაზიდვები. BTK-ის დერეფანში ამჟამად მაღალი რისკის შემცველი ტვირთის, მაგალითად, ნავთობპროდუქტების გადაზიდვა აკრძალულია. ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზით ხდება მხოლოდ საკონტეინერო და ნაყარი ტვირთის გადაზიდვები. სატესტო რეჟიმში მუშაობის მიუხედავად, მაგისტრალზე ტვირთბრუნვა მზარდია. 2017 წელს BTK-ის დერეფანმა 2500 ტონა ტვირთი გაატარა, 2020 წელს კი 252 ათასი ტონა.
ავტორი: ბელა გელაშვილი