უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ რუსული გაზის ევროპის ქვეყნებისთვის მიწოდების შეკვეცის მიუხედავად ბუნებრივი აირის ფასი დაეცა მას მერე, რაც ევროპის კავშირმა და მისმა მოკავშირეებმა ერთობლივად მოქმედებით შეძლეს ვითარების გაკონტროლება, განაცხადა ევროპის კომისიის თავმჯდომარემ, ურზულა ფონ დერ ლაიენმა 17 მარტს, იტყობინება სააგენტო Reuters-ი.
„როცა ერთად ვიმოქმედეთ, რათა რუსეთიდან გაზის მოწოდების შემცვლელი მოგვენახა, ფასები შემცირდა“ - თქვა ევროკომისიის თავმჯდომარემ ჩრდილოეთის ზღვაში გაზის პლატფორმაზე სტუმრობის დროს.
უკრაინაში ომამდე ევროპის კავშირის ქვეყნების ბუნებრივი აირით მომარაგება ძირითადად რუსეთიდან ხდებოდა. უკრაინაში მოსკოვის ფართომასშტაბიანი შეჭრის შემდეგ შემცირდა გაზის მიწოდება და ბლოკის წევრებმა უარი თქვეს რუსულ აირზე, რასაც ფასის ზრდა და კრიზისი მოჰყვა. აირის სხვა წყაროების მოძებნის შემდეგ ფასები შედარებით შემცირდა და სტაბილური დარჩა.