ბოსტნეულისა და ჩირის მწარმოებელი კომპანია Caucasus organic fruits პროდუქციის ექსპორტს დუბაისა და ბალტიისპირეთის ქვეყნების ბაზრებზე გეგმავს. ამ ეტაპზე ქართული ქართული ბრენდი ჩირების რეალიზაციას ჰოლანდიაში, გერმანიასა და ჩეხეთში ახორციელებს. ამასთან, მოლაპარაკებას აწარმოებს დუბაისა და ბალტიისპირეთის ქვეყნებთან და მალე ექსპორტს ეს მიმართულებებიც დაემატება.
კომპანიის მარკეტინგისა და გაყიდვების ხელმძღვანელის სალომე ალანიას განცხადებით, 2018-2019 წლებში სააგენტოს ,,აწარმოე საქართველოში“ ექსპორტის პროგრამის მხარდაჭერით, საერთაშორისო გამოფენებში მიიღო მონაწილეობა, რომლის ფარგლებშიც მნიშვნელოვანი კონტრაქტები გააფორმა.
პანდემიურ პერიოდში, შეზღუდვებთან დაკავშირებით, კომპანიას გარკვეული პრობლემა შეექმნა მიწოდებასთან დაკავშირებით, თუმცა, როგორც ალანია ამბობს, დღეს გამოწვევა მეტნაკლებად დაძლეულია.
,,ქართული ჩირი უცხოურ ბაზრებზე საკმაოდ მოთხოვნადი პროდუქციაა. საერთაშორისო გამოფენებში მონაწილეობამ ამ მხრივ მეტი შესაძლებლობა მოგვცა. თავიდანვეც, საწარმოს აშენების მთავარი იდეა იყო, რომ ქართული, უმაღლესი გემოვნური თვისებების მქონე ხილი გამოგვეშრო და ძირითადად ევროპაში გაგვეტანა. თუმცა პროდუქტი დიდ ინტერესს იწვევს ადგილობრივ ბაზარზეც. სადისტრიბუციო კომპანია Agro Food Trade-თან ექსკლუზიური კონტრაქტი გვაქვს გაფორმებული, რის საფუძველზეც ყველა დიდ მარკეტში შესული ვართ წონით კატეგორიაში ამ კომპანიის სახელით, თუმცა ჩვენი სახელიც აწერია ბრენდს“, - უთხრა სალომე ალანიამ ,,კომერსანტს“.
Caucasus organic fruits ბოსტნეულისა და ხილის ჩირის მწარმოებელი კომპანიაა, რომელიც მცხეთაში 2017 წელს გერმანული ინვესტიციითა და შეღავათიანი აგროკრედიტის პროგრამის დახმარებით დაფუძნდა. საწარმო, რომელიც 60-მდე ადამიანს ასაქმებს, ნედლეულს ადგილობრივი ფერმერებისგან ყიდულობს და დაახლოებით 300 ტონა ხილსა და ბოსტნეულს გადაამუშავებს.
აღსანიშნავია, რომ უცხოურ ბაზრებზე ქართული ჩირის მიმართ გაზრდილი მოთხოვნა დასტურდება ოფიციალური სტატისტიკითაც. საქსტატის მონაცემით, 2020 წელს საქართველოში ჩირის იმპორტი შემცირდა, ხოლო ექსპორტი გაიზარდა. კერძოდ, გასულ წელს ქვეყანამ 792.5 ათასი დოლარის ღირებულების 400.2 ტონა შავი ქლიავის, გარგარის და ვაშლის ჩირი იყიდა, რაც 2019 წლის მონაცემებთან შედარებით 23.2%-ით ნაკლებია.
რაც შეეხება ექსპორტს, 2020 წლის მონაცემით, 58,7%-ით გაიზარდა. შარშან საქართველოდან ექსპორტირებული 610.3 ტონა გამხმარი ხილის ღირებულებამ 1.9 მლნ დოლარი შეადგინა, ხოლო 2019 წელს 423.2 ტონა ექსპორტირებული ჩირის ღირებულება 1.2 მლნ დოლარი იყო.
მარი ჩიტაია