2021 მსოფლიოსთვის ძალების აღდგენის წელი უნდა იყოს. ეკონომიკა ზრდას დაიწყებს, დაგეგმილი ღონისძიებები აღარ გადაიდება. ტექნოლოგიური პროგრესი არა ნახოტომისებურად, მაგრამ მაინც გაგრძელდება. გაიზრდება 5G-ს დაფარვის ზონა, მსოფლიო რამდენიმე ახალ ფლაგმანურ სმარტფონს იხილავს, მოსალოდნელია ბლოკჩეინ ტექნოლოგიებისა და დრონების ფუნქციების ზრდაც.
ტექნოლოგიური სიახლეების დიდი ნაწილის შესახებ ლას-ვეგასის CES 2021-ის ციფრულ კონფერენციაზე გახდება ცნობილი, რომელიც 11-14 იანვარს გაიმართება.პანდემიის დამარცხების ბრძოლის გზებთან ერთად განსახილველ თემებში ბოლო წლების მსგავსად კვლავ იქნება 5G, 3D ბეჭვდა, ნივთების ინტერნეტი, ჭკვიანი სახლი და ჭკვიანი ქალაქი, 8K ტელევიზია, რობოტები, დრონები, განახლებადი ენერგია, კვანტური კომპიუტერი, ხელოვნური ინტელექტი, ბლოკჩეინი, ციფრული ვალუტა, ვირტუალური და გაძლიერებული რეალობა.
CES (Consumer Electronics Show) პირველად 1967 წელს ნიუ-იორკში ჩატარდა. 1978-1994 წლებში წელიწადში 2-ჯერ ტარდებოდა იანვარში ლას-ვეგასში და ივნისში ჩიკაგოში, 1995 წლიდან კი წელიწადში ერთხელ - ლას-ვეგასში. 2021 წელს პანდემიის გამო კონფერენცია მთლიანად ციფრულ ფორმატში გაიმართება.
ცნობილი ტექნოლოგიური კომპანიები კონფერენციაზე თავიანთ უახლეს მიღწევებს წარადგენენ ხოლმე. ზოგჯერ ეს ნივთები გაყიდვაში იმავე წელს ეშვება, თუმცა ხშირად წარსადგენი ნივთი მხოლოდ კონცეფციის დონეზეა შექმნილი, მაგალითად ფუტურისტული დიზაინის უპილოტო ელექტრომობილი.წარდგენილი პროდუქციის კიდევ ერთი ნაწილი რეალურად არსებობს მაგრამ მათი სერიული წარმოება არ დაწყბებულა ისეთები როგორებიცაა 785 ინჩიანი (19.94 მეტრი) 16K გარჩევადობის ტელევიზორი ან შედარებით მომცრო მაგრამ დასაკეცი ტელევიზორი.
წლევანდელ კონფერენციაზე საკუთარი პროდუქციის წარდგენას გეგმავენ: LG, SONY, SAMSUNG, PHILIPS, HISENSE, PANASONIC, TCL და სხვა ტექნოლოგიური კომპანიები.
კორეული LG 2 ტიპის ტელევიზორის წარდგენას გეგმავს, მათგან ერთს დრეკადი ეკრანი ექნება და ხმაც ეკრანიდან მისი ვიბრირებისას გამოვა. 48 ინჩიანი ეკრანი ძირითადად კომპიუტერული თამაშების მოყვარულებზე იქნება გათვლილი. მეორე ტიპის ტელევიზორს კი გამჭვირვალე ეკრანი ექნება. კომპანიაში ირწმუნებიან რომ 55 ინჩიანი გამჭვირვალე OLED ეკრანს უმაღლესი გარჩევადობა ექნება და ფერებს არ დაკარგავს. სეულში ფიქრობენ რომ ეკრანის დაყენება მატარებლებში იქნება შესაძლებელი, რითაც შესაძლოა ტრადიციული ფანჯარა ჩანაცვლდეს.
SAMSUNG თავის მხრივ 110 ინჩიანი (2.79 მეტრი) Microled ტელევიზორით წარსდგდება. თითოეული მიკროსკოპული წერტილი დამოუკიდებლად ანათებს, რაც გამოსახულების ხარისხს მკვეთრად აუმჯობესებს და დეტალიზაციას ამაღლებს.ეკრანი პირველი პროტოტიპი სახელწოდებით wall – კედელი, ჯერ კიდევ 2018 წელს გამოჩნდა, თუმცა სერიულ წარმოებაში არ ჩაშვებულა, გაყიდვები წელს დაიწყება. Microledტექნოლოგია OLED-ისგან განსხვავდება, თუმცა ვიზუალურად, გამოსახულების სიკაშკაშითა და იდეალური შავი ფერით ძალიან წააგავს. გარდა ამისა თუ OLED-ის სიცოცხლისუნარიანობა სტანდარტულად 17-20 ათასი საათია, რაც ყოველდღიურად 8 საათით მოხმარების შემთხვევაში 6 წლიან გამართულ მუშაობას გულისხმობს, შემდეგ ეკრანს ფერები ეკარგება, Microled-ის სამუშაო დროის ხანგძლივობა 100 000 საათს აღწევს, ანუ იმ შემთხვევაშიც კი თუ ტელევიზორი ყოველდღიურად 16 საათი იყო ჩართული, მწარმოებლის გარანტიით მან 17 წელი უნდა გაძლოს.
კონფერენციაზე რამდენიმე ავტომწარმოებლის კერ ფუტურისტული ელექტრომობილის წარდგენაცაა დაგეგმილი, ასევე ზოგიერთი ისეთი ნივთის რომელთა შეძენაც ძალიან ბევრი ფულის ქონის შემთხვევაშიც კი შეუძლებელი იქნება, რადგან მათი წარმოება 2021 წელს არ დაიწყება, თუმცა არც ისე შორეულ მომავალში მაინც ხელმისაწვდომი გახდება.
გიორგი ელიზბარაშვილი