ჩაის საერთაშორისო კომპანია, Ekaterra, რომელიც ბრენდებს, Lipton-ს, Saito-სა და Brooke Bond-ს აწარმოებს, რუსეთში ბიზნესს წყვეტს. ამის შესახებ კომპანიის მიერ გავრცელებულ პრესრელიზში არის ნათქვამი.
„ჩაის გლობალურმა კომპანია Ekaterra-მ მიიღო გადაწყვეტილება, შეწყვიტოს თავისი ბიზნესი რუსეთში არსებული საოპერაციო გარემოს გამო. ეს ნიშნავს, რომ Ekaterra აპირებს, შეაჩეროს ჩაის ბრენდების, Lipton-ის, Saito-სა და Brooke Bond-ის წარმოება რუსეთში 2022 წლის ბოლოსთვის, რის შემდეგაც მალევე გაყიდვებიც შეწყდება,“ - ნათქვამია პრესრელიზში.
მწარმოებლის ცნობით, კომპანია რუს თანამშრომლებს კანონის შესაბამისად ყველა ვალდებულების შესრულებას ჰპირდება.
vc.ru-სთვის მიცემულ კომენტარში Ekaterra-ს წარმომადგენლებმა დააზუსტეს, რომ რუსეთში კომპანია მხოლოდ ერთ, სანკტ-პეტერბურგის ჩაის შესაფუთ ქარხანას მართავდა, სადაც Lipton-ის, Saito-სა და Brooke Bond-ის პროდუქცია იწარმოებოდა. კომპანია ქვეყანაში სხვა ბრენდებს არ აწარმოებს. ბიზნესის შეწყვეტის შემდეგ ქარხნის შენობა, სავარაუდოდ, დაიხურება, თუმცა კომპანია სხვა ვარიანტებსაც განიხილავს.