ჩეჩნეთის პრომოსკოვური ხელისუფლების ლიდერი, რამზან კადიროვი, რომელსაც რუსეთის პრეზიდენტმა გენერალ-ლეიტენანტის წოდება მიანიჭა, ალყაშემორტყმულ უკრაინულ ქალაქ მარიუპოლში იმყოფება - ამ ინფორმაციის გავრცელებისას რუსული საინფორმაციო საშუალებები ეყრდნობიან ჩეჩნეთის რესპუბლიკის პარლამენტის თავმჯდომარეს, მაგომედ დაუდოვსა და ნაციონალური პოლიტიკის, კავშირგაბმულობისა და ინფორმაციის მინისტრ ახმედ დუდაევს, რომლის მტკიცებით, კადიროვი მარიუპოლში ჩავიდა ჯარისკაცებში “საბრძოლო სულისკვეთების გაძლიერებისა“ და მომდევნო რამდენიმე დღეში სტრატეგიული საკითხების კორექტირების მიზნით.
სააგენტო „ერბეკა“ იტყობინება, რომ კადიროვი იმყოფება მარიუპოლში, სადაც ახლოვდება „კვანძის გახსნა“, ჩეჩნეთის მთავრობის მეთაურს განუცხადებია, რომ „უახლოეს დღეებში ქალაქს ავიღებთ და გავწმენდთ ნაციონალისტებისა და ნაცისტებისგანო“.
მანამდე, 14 მარტს, ღამით, კადიროვი ტელეგრამ-არხით იუწყებოდა, რომ კიევში ერთი მხრიდან თავად შედის, ხოლო მეორე მხრიდან შედიან „ძველი გამოცდილი მებრძოლები, რომლებსაც ხელმძღვანელობს მისი „ძვირფასი ძმა ადამ დელიმხანოვი“. კადიროვის უახლოესი თანამოაზრე დელიმხანოვი რუსეთის დუმის დეპუტატია.
იმავე დღეს რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა პესკოვმა განაცხადა, რომ არ ფლობს ინფორმაციას უკრაინის ტერიტორიაზე კადიროვის ყოფნის შესახებ.
თავად ჩეჩნეთის მეთაური, რომელიც 14 მარტს ირწმუნებოდა, რომ კიევის მახლობლად იმყოფება და უკრაინის ხელისუფლებას დანებებას ურჩევდა, ჩეჩნეთში ნახეს.
წყარო: radiotavisupleba