პირველი აპრილიდან ტაქსებზე ნებართვების გაცემის განსხვავებული მოდელი უნდა ამოქმედდეს, ხოლო დღეიდან, 20 მარტიდან ძველი სისტემით A კატეგორიის ტაქსის ნებართვების გაცემა შეწყდა. რა პროცესი გაიარა ქვეყანამ და რამდენად მზად არის სექტორი ამ ცვლილებისთვის, თემაზე რადიო „კომერსანტის“ გადაცემაში, „კომერსანტის დილა“ ტაქსების ფედერაციის პრეზიდენტმა ზურაბ აგლაძემ ისაუბრა. მისი თქმით რეგულაცია არავის არ მოსწონს, თუმცა ეს ხდება იმიტომ, რომ დარგი ქაოსური არ ყოფილიყო და სწორი მიმართულება მიეღო.
„მერიამ სწორი ნაბიჯები გადადგა და რეფორმა ეტაპებად დაყო. ამ რეგულაციას აქვს ორი მხარე. ერთი არის ის, რომ როგორც მერია აცხადებს ამ რეგულაციის ამოქმედების შემდეგ მოხდება კაპიტალიზაცია, თუმცა ჩვენთან რამდენად მოხდება კაპიტალიზაცია ცოტა გაუგებარია, შეიძლება ღირებულება გაიზარდოს, ლიცენზიაზე მოთხოვნა აღარ იყოს და ვისაც ლიცენზია აღარ დასჭირდება სხვას მისცეს. ამაში რაღაც არის ჩადებული, მეორეს მხრივ ძალიან მოხერხებულია, როდესაც მიდიხარ დაინახავ ცარიელ ტაქსს გააჩერებ და ჩაჯდები, თუმცა ეს მხოლოდ მგზავრისთვის არის მოსახერხებელი თვითონ მძღოლისთვის მოუხერხებელია, რადგან სიტყვაზე როდესაც ის მგზავრს კონკრეტულ ლოკაციაზე მიიყვანს, შეიძლება სხვა მგზავრი ვეღარ ნახოს და ცარიელს მოუწიოს სიარული. ახლანდელი ტაქსები მოძრაობას ძალიან აფერხებენ, ზოგავენ ბენზინს, რომ ნელა იარონ, მოძრაობენ ნელა, რომ „ითევზაონ“ და მგზავრი მოიპოვონ, ჩემი აზრით რეგულაციის შემოღების ერთ-ერთი მიზეზი ესეც იყო.
მეორე მხარე არის ის, რომ ვისაც ეს A კატეგორიაზე აქვს ლიცენზიები, მათ ასევე აპლიკაციებიც აქვთ ჩართული და თუ ქუჩიდან ვერ აიყვანენ მგზავრებს აპლიკაციით მუშაობენ, თუმცა მათი რაოდენობა ძალიან მცირეა და დაახლოებით 10% იყენებს აპლიკაციას, დანარჩენს სამწუხაროდ არ სურთ შესაბამისი მოდელის ტელეფონის შეძენა და არც აპლიკაციის გამოყენება იციან და არც სურთ რომ შეისწავლონ.“ - აღნიშნა ზურაბ აგლაძემ.
აგლაძემ ფასების შესაძლო ზრდაზეც ისაუბრა და განმარტა, რომ იმის წინასწარ განსაზღვრა გაიზრდება თუ არა ფასები რთულია, თუმცა მისივე თქმით სფეროში ფასები დასარეგულირებელია.
„A კატეგორიის ტაქსებში ფასები ზედმეტადაც იყო მომატებული და მომხმარებელიც ადვილად შეამჩნევდა, რომ ქუჩაში გაჩერებულ ტაქსებზე სხვა ტარიფია და გამოძახებულზე უფრო დარეგულირებული და ნორმალური ტარიფია. შესაბამისად ტარიფის გაიაფება მოხდება იმ შემთხვევაში, როდესაც მძღოლი ისწავლის აპლიკაციის გამოყენებას და ტყუილად არ ივლის, ეს არის ერთადერთი გამოსავალი. ვინც გადაწყვიტა A კატეგორიის ტაქსიზე მუშაობა ეს ხალხი ფიქრობს რომ ეს მისი შემოსავლის წყაროა და შესაბამისად დარჩნენ ამ კატეგორიაში და ნებისმიერს ეყოლება შვილი ან შვილიშვილი ვინც ამ აპლიკაციის გამოყენებას ასწავლის, სხვა დანარჩენ შემთხვევაში ძალიან აფერხებენ მოძრაობას და მათთვისაც ძალიან წამგებიანია.
რაც შეეხება ფასებს, ჩემი აზრით ფასები არ გაძვირდება, იმ შემთხვევაში თუ საწვავის ფასი არ გაიზარდა და ლარის სხვა კატეგორიაში გადასვლა არ მოხდა„ - აღნიშნა ზურაბ აგლაძემ.
თაკო კვაჭანტირაძე