„რესტორატორთა ასოციაციის“ დამფუძნებელმა შოთა ბურჯანაძემ რადიო „კომერსანტის“ ეთერში აღნიშნა, რომ ის კვირაში 4-დღიან სამუშაო გრაფიკს და სამუშაო დღის 8 საათზე დაწყებას მიანიჭებდა უპირატესობას. ასე ადამიანები უფრო ბედნიერები იქნებოდნენ.
„ჩემი დიდი სურვილი იქნებოდა, რომ კვირაში 4-დღიანი გრაფიკი არსებობდეს და იყოს იმის შესაძლებლობა, რომ სამუშაო 8 საათზე იწყებოდეს და 4-ზე დამთავრდეს. უფრო ბედნიერები ვიქნებით. დანიას და შვედეთს ეს გადაწყვეტილება მიღებული აქვთ და ბედნიერების ინდექსი იქ პირველ და მესამე ადგილებზეა“, - განაცხადა შოთა ბურჯანაძემ.
მისი თქმით, ეს გამოწვევა და დამატებითი წნეხია კადრების უზრუნველყოფისა და მატერიალური კუთხითაც.
„ეს გამოწვევა თუ არ გადაილახა და თუ არ დავიწყეთ ამაზე ზრუნვა და ფიქრი, საკითხი სულ ასე გადაუჭრელი დარჩება და ვერაფერი გამოსწორდება. ქვეყანაში ყველასთვის მოსაწონი სიტუაცია ვერ შეიქმნება“, განაცხადა შოთა ბურჯანაძემ.