აღდგომის დღესასწაულის წინა ოთხშაბათს ტრადიციული რიტუალი „ჭიაკოკონობა“ იმართება. ამასთან დაკავშირებით, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი მოსახლეობას აფრთხილებს, რომ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის შესაბამისად, ნებისმიერი ტიპის ნარჩენის (მათ შორის, საბურავების, პლასტიკის მასალის, ფოთლების) ღია წესით დაწვა აკრძალულია.
„აღნიშნული ნარჩენების დაწვისას, გამოიყოფა გარემოსა და ადამიანთა ჯანმრთელობისათვის საშიში ტოქსიკური, კანცეროგენული ნივთიერებები და აირები. საფრთხე ექმნება მოსახლეობის, განსაკუთრებით კი, ბავშვების ჯანმრთელობას, რომლებიც აქტიურად მონაწილეობენ ტრადიციულ რიტუალში. გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლები „ჭიაკოკონობის ღამეს“ კონტროლს გაამკაცრებენ და თითოეულ სამართალდარღვევაზე შესაბამის რეაგირებას მოახდენენ“, - ნათქვამია განცხადებაში.
არსებული მონაცემებით, 1 ტონა რეზინის საბურავის ღია წესით დაწვისას ატმოსფეროში გამოიყოფა 270 კგ ჭვარტლი და 450 კგ სხვადასხვა ტოქსიკური აირი.
ამასთან, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი ყველა დამრღვევის მიმართ კანონმდებლობით დადგენილ ზომებს გაატარებს. კერძოდ, საბურავის, რეზინისა და სხვა ელასტომერული მასალის ღია წესით დაწვის შემთხვევაში, სამართალდამრღვევს 1 500 ლარის ოდენობის ჯარიმის გადახდა მოუწევს. ფოთლების, ბაღის/პარკის ნარჩენების, საყოფაცხოვრებო ნარჩენების ღია წესით დაწვა კი გამოიწვევს დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით.