ჭიათურის საჭადრაკო დარბაზს გამოჩენილი ქართველი მოჭადრაკე ქალის ნანა იოსელიანის სახელი მიენიჭა. აღნიშნულთან დაკავშირებით ჭიათურას თავად ლეგენდარული მოჭადრაკეც სტუმრობდა.
საჭადრაკო ოლიმპიადის ხუთგზის გამარჯვებულის, მსოფლიოს ორგზის ვიცე-ჩემპიონის, ევროპის ჩემპიონატის მრავალგზის გამარჯვებულის და პრიზიორის ვახტანგ გორგასლის ორდენის მე-3 ხარისხის ორდენის კავალერის ნანა იოსელიანისადმი მიღვნილი ღონისძიება, თავდაპირველად, ქალაქის კულტურის ცენტრის მხარეთმცოდნეობის მუზეუმის დარბაზში გაიმართა.
ნანა იოსელიანის მემორიალური დაფის საზეიმოდ გახსნის შემდეგ სტუმრებმა საჭადრაკო დარბაზში გადაინაცვლეს, სადაც საპატიო სტუმარმა ნორჩ მოჭადრაკეებთან ერთდროული თამაშის სეანსი გამართა.
აღსანიშნავია,რომ სპეციალურად ამ დღისთვის მშობლიურ ქალაქს სტუმრობდა საქართველოს ჩემპიონი ჭადრაკში, 12 წლის ჭიათურელი მოჭადრაკე ერეკლე ტაბატაძე.