1-ლი ნოემბრიდან ჩინეთი ელექტრო სიგარეტზე გადასახადს აწესებს, ნათქვამია ფინანსთა სამინისტროს, საბაჟო და საგადასახადო ადმინისტრაციების ერთობლივ განცხადებაში.
საინფორმაციო სააგენტო Xinhua-ს ცნობით, ელექტრონული სიგარეტის წარმოებასა და იმპორტზე გადასახადის განაკვეთი 36%-ით არის განსაზღვრული, საბითუმო ვაჭრობისთვის კი გადასახადი 11%-ი იქნება.
აღნიშნული რეგულაცია მიზნად ისახავს მომხმარებელთა დაბეგვრის სისტემის გაუმჯობესებას და მის უფრო აქტიურად გამოყენებას ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციისთვის, ნათქვამია დეპარტამენტების განცხადებაში.
ელექტრონული სიგარეტების მიმოქცევაზე კონტროლის გასაძლიერებლად, ჩინეთმა გამოაქვეყნა წესები ამ ინდუსტრიისთვის ამ წლის დასაწყისში. წესების შესაბამისად, ლიცენზირების რეგულაცია დაინერგა ელექტრონული სიგარეტის მწარმოებლებისთვის, ასევე საბითუმო და საცალო მოვაჭრეებისთვის. გარდა ამისა, აკრძალულია სკოლებთან ელექტრონული სიგარეტის რეალიზაციის პუნქტების ფუნქციონირება.