ირანში ჩინეთის საელჩო ქვეყნიდან საკუთარი მოქალაქეების ევაკუაციას გეგმავს, რადგან იქ კორონავირუსის გავრცელების მასშტაბი იზრდება. ინფორმაციას სახელმწიფო სამსახური ავრცელებს ამის შესახებ Global Times-ზე დაყრდნობით CNN წერს.
პირველი ჩარტერული რეისი ირანიდან ჩინეთში დღეს საღამოს შესრულდება. ჩინეთის მოქალაქეების ეეკუაცია ქალაქ კუმიდან მოხდება. ეს ქალაქი ირანში კორონავირუსის ეპიდემიის კერაა. თეირანის ხელისუფლების განცხადებით, ირანში ამ დროისთვის 1500 ადამიანია ინფიცირებული. კორონავირუსმა 66 ადამიანი იმსხვერპლა.
მანამდე ცნობილი გახდა, რომ ირანის პარლამენტის 23 დეპუტატი კორონავირუსითაა დაინფიცირებული. ამის შესახებ ინფორმაციას თურქული სააგენტო "ანადოლუ" ირანის პარლამენტის ვიცე-სპიკერზე დაყრდნობით ავრცელებს.
ბოლო მონაცემებით, მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვმა 90 932 შეადგინა, გარდაცვლილთა რიცხვი კი 3 119-ს აღწევს, გამოჯანმრთელებულია 48 163 პაციენტი.
30 იანვარს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.
21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა. ჩინეთში საქართველოს საელჩოში კი ცხელი ხაზი მოქმედებს.
imedinews.ge