ნატოს გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის განცხადებით, ჩინეთის მიერ რუსეთისთვის იარაღის მიწოდება შეცდომა იქნება, რომელიც გლობალურ სტაბილურობასა და უსაფრთხოებას ძირს გამოუთხრის.
მისივე თქმით, რუსეთიდან მომდინარე საფრთხის ფონზე, ნატოს მოკავშირეები განიხილავენ თანამშრომლობის გაღრმავებას ისეთ სფეროებში, როგორიცაა კიბერთავდაცვა და დეზინფორმაციის წინააღმდეგ ბრძოლა.
„ჩინეთიდან რუსეთისთვის ლეტალური დახმარების ნებისმიერი მიწოდება დიდი შეცდომა იქნება. იმ დროს, როდესაც რუსეთი და ჩინეთი ეჭვქვეშ აყენებენ საერთაშორისო წესრიგს და დემოკრატიულ ღირებულებებს, მნიშვნელოვანია, რომ ალიანსმა შეინარჩუნოს ყველა მოკავშირისა და პარტნიორის ერთიანობა.
უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომის შედეგები გლობალურია. ის, რაც დღეს ევროპაში ხდება, ხვალ შეიძლება მოხდეს აღმოსავლეთ აზიაში. ასე რომ, მივესალმები უკრაინისადმი ჩვენი პარტნიორების ძლიერ მხარდაჭერას, მათ შორის იაპონიის ბოლო განცხადებას ნატოს ფონდში უკრაინის მხარდასაჭერად კონტრიბუციის შესახებ“, - განაცხადა სტოლტენბერგმა.