ჩინეთმა რუსული ავიაკომპანიების კუთვნილ ბოინგებს საჰაერო სივრცე ჩაუკეტა. ამის შესახებ RBC.RU ვითარებაში გარკვეულ ორ წყაროზე დაყრდნობით წერს.
ერთ–ერთი წყაროს ცნობით, ჩინეთმა მაისში ყველა ავიაკომპანიას მოსთხოვა ელექტრონული დოსიეს გააქტიურება, რომელშიც ავიაკომპანიის, თვითმფრინავების მფლობელებზე შედის ინფორმაცია და ასევე მიწაზე მომსახურების ხელშეკრულებებიც. რუსულმა გადამზიდავებმა განაახლეს საკუთარი მონაცემები, თუმცა ჩინეთმა იმის დადასტურება მოითხოვა, რომ იმპორტული თვითმფრინავები ოფიციალურად მოიხსნა უცხო ქვეყნებში რეგისტრაციიდან.
რუსულმა მხარემ ეს მოთხოვნა ვერ დააკმაყოფილა, რის გამოც ჩინეთმა საერთაშორისო ავია კანონმდებლობის საფუძველზე უარი უთხრა ფრენებზე. გამოცემასთან ერთ–ერთი რუსული ავიაკომპანიის წარმომადგენელი ადასტურებს, რომ თვითმფრინავებს შესაბამისი სერტიფიკატების გარეშე ფრენები ეკრძალებათ.
გამოცემის წყაროს ცნობით, ანალოგიურ მოთხოვნებს რუსულ ავიაკომპანიებს სხვა ქვეყნებიც უყენებენ. მაგალითად, თურქეთი ორმაგი რეგისტრაციის მქონე თვითმფრინავებს ფრენების განხორციელების უფლებას არ აძლევს.