ჩინეთმა სამხედრო წვრთნები დაიწყო ტაივანის გარშემო მდებარე ექვს რაიონში, საიდანაც სამს ტაივანი საკუთარ ტერიტორიულ წყლებად მიიჩნევს. ეს არის პეკინის პასუხი აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატის სპიკერის, ნენსი პელოსის ვიზიტზე ტაივანში, რომელსაც ჩინეთი საკუთარ ტერიტორიად მიიჩნევს.
ჩინეთის სახელმწიფო ტელეკომპანიის CCTV-ს ინფორმაციით, დღეს, 4 აგვისტოს, დილიდან დაწყებული წვრთნები მოიცავს საბრძოლო სროლებს აკვატორიასა და საჰაერო სივრცეში და 7 აგვისტოს დასრულდება. სახელმწიფო მედიასაშუალებების ცნობითვე, დილით, ჩინეთის არმიამ საბრძოლო სროლით სწავლება ჩაატარა ტაივანის სრუტის აღმოსავლეთ ნაწილში, „ზუსტი დარტყმები განახორციელა და მოსალოდნელ შედეგებს მიაღწია“.
ტაივანის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ ჩინეთი არღვევს გაეროს წესდებას, ტაივანის ტერიტორიულ სივრცეში იჭრება და საფრთხეს უქმნის საერთაშორისო საზღვაო და საჰაერო მიმოსვლას.
აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატის სპიკერი ნენსი პელოსი ტაივანს 2 აგვისტოს ეწვია. 3 აგვისტოს, პელოსი შეხვდა პრეზიდენტ ცაი ინვენს და სიტყვით გამოვიდა პარლამენტში. წარმომადგენელთა პალატის სპიკერმა ტაივანს უწოდა მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე თავისუფალი საზოგადოება და განაცხადა, რომ მხარს უჭერს ტაივანთან აშშ-ის საპარლამენტო კავშირების გაფართოებას უსაფრთხოების და ეკონომიკის საკითხების განსახილველად. პელოსიმ ტაივანი 3 აგვისტოს დატოვა.
აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაციას ტაივანში კონგრესის წარმომადგენელთა პალატის სპიკერის ვიზიტისთვის ოფიციალური მხარდაჭერა არ გამოუცხადებია. სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის თქმით, კონგრესი ხელისუფლების დამოუკიდებელი შტოა. ტაივანში ნენსი პელოსის ჩასვლის შემდეგ, ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ პროტესტის გამოსაცხადებლად დაიბარა აშშ-ის ელჩი პეკინში, ნიკოლას ბერნსი.