ქათმის ხორცპროდუქტების მწარმოებელი კომპანია „ჩირინა“ საწარმოო პროცესს აფართოებს და სართიჭალაში სოსისისა და ძეხვეულის საწარმოს აშენებს. პროექტის ჯამური ღირებულება $5 მლნ-ია.
საწარმოს მშენებლობა დასასრულს უახლოვდება. BMG-სთან საუბარში “ჩირინას” დამფუძნებელი რევაზ ვაშაკიძე აცხადებს, რომ საწარმოს სრულად აღჭურვის საბოლოო პროცესი მიმდინარეობს და წარმოება სრულად მიმდინარე წლის დეკემბერში დაიწყება.
“ძეხვის წარმოებისთვის ინფრასტრუქტურული სამუშაოები დასასრულს უახლოვდება, ამ ეტაპზე თანამედროვე დანადგარების შესყიდვის პროცესში ვართ. ბოლო პერიოდში გარკვეული სახის პრობლემები გქონდა, ადრე თუ ხელსაწყოების შეძენას 2-3 თვე სჭირდებოდა, ახლა ზოგიერთმა კომპანიამ, ძირითადად მხედველობაში ევროპული კომპანიები მაქვს, 6-დან 9 თვემდე გაგვიხანგრძლივეს მოწოდების პერიოდი. წინასწარი დაგეგმვით, დეკემბერში უკვე უნდა დავიწყოთ წარმოება", - აცხადებს რევაზ ვაშაკიძე.
მისი თქმით, წარმოების გაფართოების პროექტი კომპანიის პირადი ფინანსური რესურსით, ასევე „აწარმოე საქართველოს“ პროგრამის ფარგლებში, “საქართველოს ბანკისა” და EBRD-ის მხარდაჭერით ხორციელდება და მისი ჯამური ღირებულება 5 მლნ დოლარია.
„ჩირინა” 2011 წელს ბიზნესმენმა რევაზ ვაშაკიძემ დააარსა. დღეისათვის ის ყველაზე დიდი, ვერტიკალურად ინტეგრირებული მეფრინველეობის ფერმაა საქართველოში. აღმოსავლეთ საქართველოში მდებარე კომპლექსი აერთიანებს ინკუბატორს, საკვებ ქარხანას, წყალგამწმენდ სადგურს, ასევე მიწებს, სადაც სიმინდი და ხორბალი მოჰყავთ. პროდუქტის ხარისხისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფად ფუნქციონირებს მარცვლეულის საშრობი და შესანახი სათავსოები.
წყარო: bm.ge