ჩრდილოეთ კორეა რუსეთისთვის იარაღის მიყიდვითაა დაინტერესებული. მას სერიოზული ეკონომიკური პრობლემები აქვს, ამიტომ რუსეთისთვის იარაღის მიყიდვით შეუძლია მნიშვნელოვანი მოგება მიიღოს, ამის შესახებ Bloomberg-ი წერს.
Bloomberg-ის თანახმად, რუსეთის საჭიროება იარაღზე უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომის გასაგრძელებლად, შესაძლოა ჩრდილოეთ კორეისთვის ხსნა იყოს. სტატიაში აღნიშნულია, რომ პანდემიის დროს საზღვრების დახურვამ უკვე ანემიური ჩრდილოეთ კორეის ეკონომიკა ათწლეულების განმავლობაში ერთ-ერთ ყველაზე დიდ რეცესიაში გადაიყვანა.
Bloomberg წერს, რომ ჩრდილოეთ კორეას აქვს ჭარბი იარაღი, განსაკუთრებით დიდი რაოდენობით მე-20 საუკუნის დროინდელი არტილერია, რომელსაც უკრაინის ფრონტზე დიდი გასავალი აქვს. კორეის სახალხო დემოკრატიული რესპუბლიკას კი დიდი რაოდენობით საბრძოლო მასალა აქვს.
იარაღის ექსპერტი იოსტ ოლიმანსი თვლის, რომ კრემლი ჩრდილოეთ კორეისგან, დიდი ალბათობით, 122 მმ და 152 მმ საარტილერიო ჭურვებს მოითხოვს. 122 მმ-იანი ჭურვების ფასი რამდენიმე წლის წინ დაახლოებით 6 000 დოლარი იყო.
Reuters-ის ცნობით, ჩრდილოეთ კორეას შეუძლია რუსეთს მიაწოდოს 107-მმ-იანი ე.წ. „კატიუშას რაკეტები“, 122-მმ-იანი სარაკეტო დანადგარები, 155-მმ ან 122-მმ-იანი საარტილერიო ჭურვები ან სხვა საბრძოლო მასალა მცირე იარაღისთვის, ტყვიამფრქვევებით ან ავტომატური თოფებისთვის.