ჩრდილოეთ კოსოვოში, ქალაქ ზუბინ პოტოკში, NATO-ს ჯარების პატრულთან ახლოს, კვირას, გვიან ღამეს დაუდგენელმა პირებმა ცეცხლი გახსნეს. ინფორმაციას Deutsche Welle ავრცელებს.
ცეცხლი სამხედრო ალიანსის პატრულთან გახსნეს, არავინ დაშავებულა, ნატოს დაქვემდებარებაში მყოფი საერთაშორისო ძალებმა (KFOR) არ დააკონკრეტეს რომელი მხრიდან მოხდა გასროლა და ვინ გაისროლა.
რუსული მედია სერბულ გამოცემა Kurir-ზე დაყრდნობით წერს, რომ სროლა ადგილობრივი დროით 19:45 საათზე მოხდა. თვითმხილველმა გაზეთს დაუდასტურა, რომ არავინ დაშავებულა. ამასთან, სერბული პორტალი Politika წერს, რომ ცეცხლი ალბანურმა სპეცრაზმმა გახსნა, რომლებიც ზუბინ პოტოკთან ბარიკადების დემონტაჟს ცდილობდნენ.
სერბეთის პრეზიდენტი ალექსანდრ ვუჩიჩი პრემიერ-მინისტრ ანა ბრნაბიჩს და სამხედრო ხელმძღვანელობას შეხვდა, რის შემდეგაც რესპუბლიკის გენერალური შტაბის უფროსი, გენერალი მილან მოისილოვიჩი სერბეთისა და კოსოვოს საზღვარზე მდებარე ქალაქ რასკაში გაემგზავრა. მან ვითარებას რთული უწოდა და სერბი სამხედროების საზღვარზე ყოფნა მოითხოვა.
კოსოვოში ვითარება იმის გამო გაუარესდა, რომ კოსოვოს ხელისუფლებამ სერბული საავტომობილო ნომრებით გადაადგილებაზე შეზღუდვის დაწესება მოითხოვდა. ნოემბერში ადგილობრივმა ხელისუფლებამ პირობა დადო, რომ ხალხს სერბული ნომრების გამოყენებისთვის დააჯარიმებდა. კოსოვოს ჩრდილოეთით, სადაც ძირითადად სერბები ცხოვრობენ, ბარიკადები გაჩნდა და ადგილობრივმა მოსახლეობამ სასაზღვრო გამშვები პუნქტების მიმდებარედ გზების გადაკეტვა დაიწყო.
დეკემბრის შუა რიცხვებში კოსოვოს ხელისუფლებამ KFOR-ს ბარიკადების მოხსნა მოსთხოვა, პრემიერ-მინისტრმა ალბინ კურტიმ არ გამორიცხა, რომ კოსოვოს უსაფრთხოების ძალებს ბარიერების დემონტაჟი დამოუკიდებლად მოეხდინათ.