„რა? სად? როდის?“ სუპერლიგის 400-მდე მოთამაშე 7 მარტს პარლამენტში ე.წ. აგენტების კანონის მიღებას და პარლამენტთან განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება. მათ მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ „უცხოური გავლენის აგენტების“ კანონპროექტი საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესს აზიანებს და მათი არჩევანი ევროპაა.
„ჩვენ, „რა? სად? როდის?“ სუპერლიგის მოთამაშეებს მიგვაჩნია, რომ საქართველოს მომავალი ევროპისა და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციაზე გადის. ევროინტეგრაცია საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობის განუხრელი სურვილია, რაც ასახულია კიდეც ქვეყნის კონსტიტუციაში. ვთვლით, რომ ე.წ. „უცხოური გავლენის აგენტების“ კანონპროექტი საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესს აზიანებს, ამიტომ ვგმობთ პარლამენტის მიერ 7 მარტს მიღებულ გადაწყვეტილებას. ჩვენი არჩევანია - ევროპა!“ - აღნიშნულია განცხადებაში, რომელსაც ხელს 400-მდე ადამიანი აწერს.