„Ukrposhta“–ს გენერალურმა დირექტორმა იგორ სმილიანსკიმ თქვენთვის გაწეული ჰუმანიტარული დახმარებისთვის ქართველებს და საქართველოს მადლობა გადაუხადა. მანამდე „Ukrposhta“–მ გაავრცელა ინფორმაცია, რომ საქართველომ 191 ქვეყანას შორის ყველაზე მეტი – 400 ტონა ჰუმანიტარული დახმარება გაუგზავნა საომარ მდგომარეობაში მყოფ უკრაინას.
მიიღე ინფორმაცია უფრო სწრაფად „კომერსანტის“ Telegram-ზე.
„ჩვენ მადლობელი ვართ ქართველებისა და საქართველოს დახმარებით: 400 ტონა – ეს რეკორდული მოცულობის ერთდროულად მიღებული ტვირთია. სიტყვებით ვერ გადმოვცემ, რამდენი ადამიანი შეუერთდა ამ დახმარების შეგროვების პროცესს – კერძო ბიზნესი, ფონდები, უბრალო ქართველები – ყველამ თავისი წვლილი შეიტანა. ჩვენ გულწრფელად მადლობელი ვართ ამ თანადგომისთვის, ოკუპანტი ხომ ამ დრომდე არ წყვეტს თავის დანაშაულებრივ ქმედებებს. იმ უკრაინელების რაოდენობა, რომლებიც დახმარებას საჭიროებენ, სამწუხაროდ, იზრდება. ცალკე მინდა მადლობა გადავუხადო საქართველოს ფოსტას, რომელიც ომის დაწყების დღიდან უფასოდ აგზავნიდა ამანათებს უკრაინაში, დღეს კი თავისი ხარჯით მიაწოდა უკრაინას ჰუმანიტარული ტვირთები“, – განაცხადა „Ukrposhta“–ს გენერალურმა დირექტორმა იგორ სმილიანსკიმ.
„Ukrposhta“–ს მონაცემებით, მეორე ადგილზეა რუმინეთი - 80 ტონა ჰუმანიტარული ტვირთით, მესამეზე კი ბელგია 40 ტონა ტვირთით. უკრაინის ფოსტის მიერ გამოქვეყნებული ინფორმაცია 1-ლი აპრილის მონაცემებს ასახავს.