„ჩვენ პრობლემებს დაუხვეწავ კანონმდებლობაში ვხედავთ და არა თიზ-ის ინფრასტრუქტურაში, რაზეც უკვე წლებია ვსაუბრობთ* - აცხადებს ჰუალინგის თიზ-ის აღმასრულებელი დირექტორი სოსო ნიბლაძე, თუმცა არ ეთანხმება ქეთი ბოჭორიშვილის მოსაზრებას, რომ თიზ-ებში ინვესტორებს პრობლემების მოგვარება თვითონ უხდებათ და თიზ-ებში არ არის მოწესრიგებული ინფრასტრუქტურა.
„ჰუალინგის თიზ-ში გასული 5 წლის განმვალობაში განხორციელდა 50 მლნ დოლარზე მეტი ინვესტიცია, როგორც უშუალოდ ინდუსტრიული პროექტების მოზიდვის მიმართულებით, ისე სამშენებლო და კომუნალური ინფრასტრუქტურის განვითარების კუთხით. ამასთან დაკავშირებით, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს იანვრის ბოლოს წარედგინა დამოუკიდებელი აუდიტორის დასკვნა.“ - აცხადებს სოსო ნიბლაძე.
„ჩვენი სტრატეგიის მთვარი ორიენტირი ზუსტად იმაში მდგომარეობს, რომ ინვესტორებს შევთავაზოთ მაქსიმალურად კომფორტული გარემო ბიზნესის დასაწყებად, რაც, ხშირ შემთხვევაში, გულისხმობს უშუალოდ მათთვის საჭირო მზა ინფრასტრუქტურის მომზადების გზით ინვესტორებისთვის საწყისი კაპიტალდაბანდების მოცულობის მინიმიზაციას, რათა მათ შეძლონ ფინანსური რესურსების ძირითდად საოპერაციო მიმართულებით წარმართვა. ყოველივე ეს პოზიტიურ სტიმულებს ქმნის ინვესტორებისთვის გადაწყვეტილებების მიღების პროცესში. ამას ემატება ჩვენს მიერ შემუშავებული მომსახურებათა ფართო პაკეტი, რაც მნიშვნელოვნად ხელს უწყობს მათი პროექტების ეფექტურ დაწყებას. ეს მხარდაჭერა ზუსტად იმ მიზანს ემსახურება, რომ ინვესტორმა მაქსიმალურად ნაკლები დრო და რესურსი დახარჯოს ბიუროკრატიული პროცედურების წარმართვაში და მიიღოს თიზ-ის ადმინისტრატორისაგან ყველა საჭირო კონსულტაცია თუ სერვისი.
ყოველივე ზემოთქმულის შედეგია ზუსტად ის, რომ დღესდღეობით, ჰუალინგის თიზ-ში წარმოდგენილია სამრეწველო პროექტების საკმაოდ ფართო სპექტრი, მათ შორის ხის გადამუშავება, საყოფაცხოვრებო და ჰორეკა სექტორის ავეჯის წარმოება (2 პროექტი), მზის პანელების წარმოება, პლასტმასის, პოლიპრილენისა და პოლიეთილენის გადამუშავება, საკონიაკე სპირტის წარმოება და სხვა. მზადყოფნაშია ფერო შენადნობების ქარხანა, ხოლო უახლოეს მომავალში იწყება სასუქის მაღალტექნოლოგიური წარმოება.
„ეს ყოველივე უკვე დამდგარი შედეგია, თუმცა ალბათ არასაკმარისი, ვინაიდან ჩვენ ვხედავთ პოტენციალს თიზ-ებმა დაიმკვიდრონ უფრო ქმედითი როლი ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებაში. ზუსტად ამ მიზნის მისაღწევად საჭიროა მეტი თანამშრომლობა მთავრობის ეკონომიკურ ბლოკსა და თიზ-ებს შორის და არა პოსტ-პანდემიური ეკონომიკური კრიზისის პირობებში ბიზნესის საწინააღმდეგოდ დაბეგვრის მიდგომების ცლილება.“ - განაცხადა სოსო ნიბლაძემ.