ჩვენი დიდი სურვილი მაინც ნატოში შვედეთთან ერთად გაწევრიანებაა, ასე უპასუხა ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა პეკა ჰავისტომ თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანის განცხადებას იმის შესახებ, რომ ანკარა შესაძლოა დათანხმდეს ფინეთის, შვედეთის გარეშე, ნატოში გაწევრიანებას.
ფინეთი არ ცვლის გეგმას, შეუერთდეს ნატო-ს შვედეთთან ერთად და იმედოვნებს, რომ ამას გააკეთებს არაუგვიანეს ივლისისა, განაცხადა ჰავისტომ.
მისი თქმით, პროცესში ფინეთი შვედეთთან, მის უახლოეს სამხედრო პარტნიორთან ერთად იქნება.
„ჩვენი დიდი სურვილი მაინც არის ნატოში შვედეთთან ერთად გაწევრიანება “, - განაცხადა ჰავისტომ ჰელსინკიში გამართულ პრესკონფერენციაზე.
შვედეთმა და ფინეთმა ნატოში გაწევრიანებაზე რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრის შემდეგ, გასულ წელს განაცხადეს, მაგრამ თურქეთმა მათი ინიციატივა გააპროტესტა. მოგვიანებით, სამმა ქვეყანამ ხელი მოაწერა შეთანხმებას მადრიდში, მაგრამ გასულ კვირას თურქეთმა მოლაპარაკებები შეაჩერა.