„გაზაფხული ტურისტებისთვის აქტიური სეზონია, თუმცა პანდემიისა და უცხოელი ვიზიტორების სიმცირის გამო Tbilisi Hills Golf and Residence-ი ახლა ადგილობრივ სტუმრებსა და გაკვეთილებზეა კონცენტრირებული“ - ამის შესახებ „კომერსანტს“თბილისი ჰილსის გოლფ კლუბის დირექტორმა პოლ პოჰმა განუცხადა.
Tbilisi Hills Golf and Residence-ში სტუმრებისა და მაცხოვრებლებისთვის ღია რესტორანიც გაიხსნა. ამასთან, ადმინისტრაციის ინფორმაციით, დაანონსებული ღია აუზის გახსნა 2020 წლის შემოდგომაზე იგეგმება.
რაც შეეხება გოლფის მიმართულებას, კლუბი კერძო და ჯგუფურ გაკვეთილებს ატარებს. თუმცა უცხოელი ტურისტების ნაკლებობას კლუბის დირექტორი პრობლემად არ მიიჩნევს, რადგან გოლფ-კლუბის სტრატეგია ადგილობრივი ბაზრის დაინტერესება იყო.
„ჩვენი კორტები და რესტორანი ჩვეულ რეჟიმში ოპერირებს სახელმწიფოს მიერ დადგენილი უსაფრთხოების რეგულაციების გათვალისწინებით. თუმცა, ამჟამად მხოლოდ ადგილობრივ სტუმრებზე გვიწევს კონცენტრირება და უცხოელი ტურისტები არ გვყავს. ჩვენი კორტები მხოლოდ შეძლებული ბიზნესმენებისთვის არ იყო გათვლილი. ბევრი ადგილობრივი დაინტერესდა ამ სპორტით და არა მხოლოდ დახელოვნებული გოლფის მოთამაშეები, არამედ დამწყებებიც და მოყვარულებიც ხშირად გვსტუმრობენ. ჩვენ გახსნის დღიდან სტრატეგიად გვქონდა ქართული ბაზრის დაინტერესება გოლფით, გვსურდა მოგვეზიდა ადგილობრივი მომხმარებლები ამ საქმეში. ახლა შეზღუდულად ვატარებთ ჯგუფურ სწავლებებსა და გაკვეთილებს. დამწყებებისთვის 450 ლარიანი პაკეტი გვაქვს, 10 გაკვეთილის შემდეგ ყველა მონაწილეს შეუძლია 60 დღის განმავლობაში უფასოდ გამოიყენოს კლუბის ინვენტარი და ნებისმიერ დროს ესტუმროს Tbilisi Hills Golf and Residence- ს.“ - განმარტავს პოლ პოჰი.
Tbilisi Hill-ს-ის კომპლექსში 110 ჰექტარზე ამიერკავკასიაში პირველი 18-ფოსოიანი გოლფის მოედანია განთავსებული. გოლფის მოედანი ფინელმა არქიტექტორმა ლასი პეკა ტილანდერმა (Lassi Pekka Tilander) დააპროექტა, ხოლო გარემოს კონცეფცია და გოლფის კლუბის არქიტექტურა პორტუგალიურ CPU Architects-ს ეკუთვნის.
გოლფის კლუბში ჯგუფურ გაკვეთილებს PGA პროფესიონალი და ასისტენტ/მწვრთნელები ატარებენ.
Tbilisi Hills Golf and Residence-ის პროექტი პორტუგალიელი, ფინელი და ესტონელი არქიტექტორებისა და კონსტრუქტორების ჯგუფის, ესტონური კომპანია Kаamos Group-ის ხელმძღვანელობით შეიქმნა, მის განსახორციელებლად კი ჯამში 1 მილიარდი დოლარის ინვესტიცია ჩაიდო.
თბილისი ჰილსი აერთიანებს 331 ჰექტარზე გაშლილ ბუნებრივად მწვანე გარემოს, ტყეს, ულამაზეს ვილებს აუზითა და კერძო ბაღებით, რეზიდენციებსა და აპარტამენტებს, 110 ჰექტარზე გაშენებული გოლფის პროფესიონალურ მოედანს.
Tbilisi Hills Golf&Residences ის კომპლექსი ჯამში 3000 მდე მაცხოვრებელზეა გათვლილი.
მარიამ მორგოშია