მიკრობანკები ბაზარზე კონკურენციის ზრდას შეუწყობს ხელს - ამის შესახებ ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა „პალიტრანიუსის“ ეთერში „ბიზნეს პალიტრა“ განაცხადა. ამასთან, მისი თქმით, მოსალოდნელია, რომ მეწარმეებისთვის საპროცენტო განაკვეთები მიკრობანკების პირობებში შემცირდება.
„ჩვენ მოლოდინი გვაქვს და ვიმედოვნებთ, რომ მიკრობანკების გაჩენა გააიაფებს სესხებს უშუალოდ მეწარმეებისთვის. დღესდღეობით მიკროსაფინანსო ორგანიზაციებს ფინანსების მოზიდვა და მისი ლარში გარდაქმნა საკმაოდ ძვირი უჯდებათ. მიკრობანკების შემთხვევაში კი მათ გარკვეული ბარიერები შეუმსუბუქდებათ, ეს კი შესაძლებლობას მისცემს ამ ახალ ინსტიტუტს, რომ უფრო მეტად იაფად გასცეს სესხები მეწარმეებზე“, - განაცხადა პაპუნა ლეჟავამ.
ცნობისათვის, მთავრობამ მიმდინარე კვირას მიკრობანკების შესახებ კანონპროექტი დაამტკიცა, უახლოეს მომავალში დოკუმენტი განსახილველად პარლამენტს წარედგინება. მისი მიღების შემდეგ, ბანკებსა და მისო-ებს შორის ახალი ტიპის ფინანსური ორგანიზაციები გაჩნდებიან, რომელთაც როგორც დეპოზიტების მიღების უფლება, ასევე მილიონ ლარამდე მოცულობის სესხების გაცემა შეეძლებათ.
მიკრობანკები იქნებიან საბანკო სფეროს შემადგენელი ნაწილი, რომელსაც ზედამხედველობას სრულად გაუწევს საქართველოს ეროვნული ბანკი. თუმცა მათ ექნებათ შედარებით განსხვავებული რეგულირების ჩარჩო. მიკრო ბანკებს ექნებათ საზედამხედველო კაპიტალის მინიმალური ოდენობა, მაგალითისთვის, თუ ბანკების შემთხვევაში ეს არის 50 მილიონი ლარი, ხოლო მიკროსაფინანსო კომპანიების შემთხვევაში არის ერთი მილიონი ლარი, მიკრობანკის შემთხვევაში, ეს იქნება 10 მილიონი ლარი. ასევე, სხვადასხვა საზედამხედველო ფუნქციები იქნება შედარებით გამარტივებული, ვიდრე ეს ბანკებს აქვთ. დაფინანსების ძირითადი სეგმენტი კი არის მცირე მეწარმეები და სოფლის მეურნეობა.
bpn.ge