კომპანია ბორჯომის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარედ გიორგი მაისურაძე ინიშნება. როგორც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა, გიორგი მაისურაძეს კერძო სექტორში მუშაობის გამოცდილება აქვს.
„ჩვენი მხრიდან სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარედ წარდგენილია გიორგი მაისურაძე. ეს ადამიანი კერძო სექტორში მუშაობის დიდ გამოცდილებას ფლობს. ასევე ჩვენ დირექტორთა საბჭოში სამინისტროს თანამშრომელი გვყავს დამკვირვებელი წევრის სტატუსით, რომელსაც გააჩნია განსაკუთრებული გამოცდილება და ანალიტიკური უნარები“, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა. მანვე აღნიშნა, რომ „ბორჯომს“ ჰქონდა კონკრეტული გამოწვევები, რაც სანქცირებასთან იყო დაკავშირებული.
„იცით, რომ განხორციელებული ცვლილებების შესაბამისად, რომელიც ძირითად მარეგულირებლებთან იყო შეთანხმებული და საერთაშორისო პარტნიორებთან კომპანიამ ძირითად ბაზრებზე ოპერირების აღდგენა მოახერხა და დღეს ის სრულად ფუნქციონირებას საქართველოში და იმ საექსპორტო ბაზრებზე სადაც პრობლემები ჰქონდა შექმნილი, თუმცა გრძელვადიანი რესტრუქტურიზაცია ჰოლდინგური კომპანიის დღის წესრიგშია. ეს იმისთვის არის საჭირო რომ კომპანიის სტრუქტურა იყოს ადეკვატური, მოქნილი და მეტად პასუხობდეს იმ გამოწვევებს რომელიც დღევანდელი მდგომარეობიდან შეიქმნა“, — აღნიშნა დავითაშვილმა.
მინისტრის თქმით, მართვაში მნიშვნელოვანი ცვლილებები ხორციელდება, თუმცა სახელმწიფო ოპერატიულ მართვაში ჩართული არ არის.
„ამას კომპანიის დაქირავებული ხელმძღვანელობა ახორციელებს, მაგრამ მნიშვნელოვანი სტრატეგიული გადაწყვეტილებები სხვა აქციონერებთან ერთად სახელმწიფოსთანაც თანხმდება ერთადერთი მიზნიდან გამომდინარე, რომ ჩვენ ბორჯომის სტრატეგიული ბრენდის ინტერესები კიდევ უფრო მეტად დავიცვათ და კიდევ უფრო ძლიერად იყოს ბორჯომი როგორც ბრენდი საერთაშორისო ბაზრებზე წარმოდგენილი; მეორე ბორჯომში დასაქმებული მოქალაქეების ინტერესები მაქსიმალურად იყოს დაცული“, - განაცხადა მინისტრმა.