რა გავლენას მოახდენს მოსამართლეების სანქცირება საინვესტიციო გარემოზე და რა დაბრკოლებები ექმნებათ უცხოელ ინვესტორებს საქართველოში. ამის შესახებ ICC Georgia-ს თავმჯდომარე ფადი ასლიმ BMG-ის გადაცემა „ანალიტიკაში“ ისაუბრა.
„სასამართლო სისტემა ერთ-ერთი მთავარი ფაქტორია, რასაც უცხოელი ინვესტორები აფასებენ ინვესტირების გადაწყვეტილების მიღებისას. სხვა ფაქტორებიც არსებობს შიდა, რეგიონული და საგარეო პოლიტიკური სტაბილურობა, კორუფციის დონე, მაგრამ კანონის უზენაესობას თითქმის ყოველთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება. ამდენად თუ საქართველოს ექნება სასამართლო სისტემა, რომელიც გამართულად იფუნქციონირებს და დამოუკიდებელ გადაწყვეტილებებს მიიღებს, ეს გაზრდის უცხოური ინვესტიციების მოცულობას ქვეყანაში.
თუმცა კითხვა მხოლოდ ის არაა გვაქვს თუ არა კარგი სასამართლო სისტემა, არამედ ისიც სურს თუ არა მთავრობას საქართველოში უცხოელი ინვესტორები. ბოლო 10 წლის განმავლობაში რასაც ვაკვირდებით მთავრობას უცხოელი ინვესტორები არ სურს. საქართველოში კარს უღებენ მხოლოდ იმ ინვესტორებს, რომლებიც მზად არიან საქართველოს მთავრობასთან დაახლოებულ პირებთან ერთად აწარმოონ ბიზნესი. დამოუკიდებელ უცხოელ ინვესტორებს აქ ბევრი პრობლემა ექმნებათ, ამ პრობლემის წყარო მთავრობაა სრულიად შეგნებულად. შეხედეთ ჰესების სექტორს, გვაქვს უფრო ძველი მაგალითებიც. უცხოელი ინვესტორები საქართველოში დიდ პრობლემებს აწყდებიან. საქართველოს მთავრობას უცხოელი ინვესტორები მხოლოდ რიტორიკის დონეზე სურს.
ჩვენი ოფისი იერუსალიმის გოდების კედელს ჰგავს, ყოველდღე რომელიმე ინვესტორი მოდის და პრობლემებზე გვიყვება. ძალიან მძიმე სიტუაციაა- აცხადებს ფადი ასლი.