საქართველოში დაუნის სინდრომის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით ღონისძიებები მიმდინარეობს. საქართველოს დაუნის სინდრომის ასოციაცია, რომელიც Down Syndrome International-ის პარტნიორია, წელს მეთორმეტედ უერთდება მსოფლიო საზოგადოებას და დაუნის სინდრომის მსოფლიო დღეს აღნიშნავს.
16-17 მარტს საქართველოს დაუნის სინდრომის ასოციაციამ, თბილისში, სასტუმრო ჰოლიდეი ინში რიგით მე-7 კონფერენცია გამართა, სახელწოდებით „ჩვენთან ერთად და არა ჩვენთვის“.
წლევანდელი კონფერენციის მთავარი მიზანი იყო, რომ გადაწყვეტილების მიმღებ პირებამდე მისულიყო მშობელთა ხმა, რომელის სწორი პოლიტიკის შემუშავებაში დაეხმარებოდათ.
კონფერენციის პირველი დღე მშობლებს დაეთმო და მათ ერთობლივად იმსჯელეს იმ საკითხებზე, რომელთა ადვოკატირებაც აუცილებელია. მეორე დღეს, კონფერენციის ოფიციალურ ნაწილში გადაწყვეტილების მიმღებმა პირებს სწორედ ამ მნიშვნელოვან საკითხებზე მიეწოდათ ინფორმაცია, რათა მათ ეს საჭიროებები პოლიტიკის დაგეგმვაში გაითვალისწინონ.
საქართველოს დაუნის სინდრომის ასოციაციაში აცხადებენ, რომ 2023 წლის გზავნილი არის „ჩვენთან ერთად და არა ჩვენთვის“ - თანაგრძნობიდან ადამიანის უფლებებამდე.
„წლევანდელი გზავნილი არის ადამიანის უფლებებზე დაფუძნებული ფუნდამენტური მიდგომა შეზღუდული შესაძლებლობების მიმართ.
ჩვენ უნდა შევცვალოთ შეზღუდული შესაძლებლობების აღქმის მოძველებული მოდელი, რისმიხედვითაც შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები ქველმოქმედებისა და მოწყალების ობიექტებად მოიაზრებოდნენ, როცა მათ ნაცვლად სხვას უნდა ეკეთებინა ყველაფერი.
- შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს აქვთ უფლება, თავად მიიღონ გადაწყვეტილებები თავისი ცხოვრების შესახებ;
- იმუშაონ სხვებთან ერთად თავისი ცხოვრების გასაუმჯობესებლად,“ — ნათქვამია ღონისძიების ორგანიზატორების მიმართვაში.