ციციშვილის სახელობის ბავშვთა კლინიკის დირექტორის, დავით რეხვიაშვილის განცხადებით, თუ მოსახლეობა კოვიდით გამოწვეულ საფრთხეს ვერ გააცნობიერებს და რეგულაციებს არ დაიცავს, კლინიკა პაციენტების მომსახურებას ვეღარ შეძლებს.
„თუ ოდნავ გონზე არ მოვეგებით, თუ ჩვენი ქმედების ტაქტიკასა და სტრატეგიას არ შევცვლით, აუცილებლად მივალთ იმ შედეგამდე, რომ პაციენტების მიღებაზე უარის თქმა მოგვიწევს, რაც, პირველ რიგში, ექიმისა და კლინიკისთვისაა ძალიან მძიმე. ვიცით, რომ „ომიკრონი“ უფრო მსუბუქად მიმდინარეობს, თუმცა, დედამიწის ზურგზე არავის არ უთქვამს, რომ გართულება და მძიმე შემთხვევები არ არის. ამ ეტაპზე, ამ მდგომარეობის სტატისტიკით, მინიმუმ 5%-იანი ჰოსპიტალიზაცია აქვს ამ დაავადებას. ეს ნიშნავს, რომ 65 ათასი ინფიცირებულის შემთხვევაში, 5%-იანი ჰოსპიტალიზაცია ამოწურავს საწოლების იმ რაოდენობას, რომელიც განკუთვნილია კოვიდისთვის და დავდგებით იმ საფრთხის წინაშე, როდესაც პაციენტი, რომელსაც ჰოსპიტალიზაცია სჭირდება, ვერ მიიღებს შესაბამის დახმარებას“, - აცხადებს დავით რეხვიაშვილი.
ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 973 909 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა 919 367, გარდაიცვალა 14 311 პაციენტი.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.
საქართველოში „ასტრაზენეკათი“ ვაქცინაცია 2021 წლის 15 მარტიდან დაიწყო, „ფაიზერით“ კი 30 მარტიდან. 3 აპრილს ქვეყანამ „სინოფარმის“ ვაქცინის 100 ათასი დოზა მიიღო. ამ ვაქცინის გამოყენება 4 მაისიდან დაიწყო, „სინოვაკით“ იმუნიზაცია კი 24 მაისიდან.
imedinews.ge