მსოფლიო ჩემპიონატის მატჩი პორტუგალიასა და ურუგვაის შორის, Lusail Iconic Stadium-ზე, ცისარტყელას დროშის აფრიალებამ შეწყვიტა.
FIFA-ს გლობალური სატელევიზიო არხი მოედანზე აფრიალებული ცისარტყელას დროშის ჩვენებას მოერიდა, მაგრამ სტადიონის მაყურებლებმა კარგად დაინახა მამაკაცი, რომელსაც ხელში ცისარტყელას ფერებში დროშა ეჭირა, მაისურზე კი ორი გზავნილი ჰქონდა. ერთი გამოხატავდა უკრაინის, მეორე - ირანელი ქალების მხარდაჭერას, წერს CNN-ი.
ინციდენტი მოედანზე მატჩის 51-ე წუთზე მოხდა. ფოტოებზე ჩანს ახალგაზრდა კაცი, რომელსაც ხელში LGBTQ+ დროშა უჭირავს, მაისურის ერთ მხარეს აწერია „პატივისცემა ირანელ ქალებს“, ხოლო მეორე მხარეს - „გადაარჩინეთ უკრაინა“.
ჩემპიონატის მსვლელობისას არაერთი შემთხვევა დაფიქსირდა, როცა ფეხბურთელებსა და მაყურებლებს LGBTQ+ სიმბოლოს ტარება აუკრძალეს. CNN-მა FIFA-ს „დრესკოდთან“ დაკავშირებით საკითხის გასარკვევად მიმართა. რის შემდეგაც FIFA-მ CNN-ს ჩემპიონატის სახელმძღვანელო წარმოუდგინა, სადაც წერია, რომ „ემიგრანტებს და ტურისტებს თავისუფლად შეუძლიათ ატარონ ნებისმიერი ტანსაცმელი, თუ ის მოკრძალებულია და პატივისცემით ეკიდება კულტურას“.
Human Rights Watch-ის ანგარიშში, რომელიც გასულ თვეში გამოქვეყნდა, დოკუმენტირებული იყო შემთხვევები, როდესაც კატარის უსაფრთხოების ძალებმა ლგბტLGBTQ+ ადამიანები დააკავეს და დაკავების დროს ადგილის ჰქონდა მათ არასათანადო მოპყრობას.
შეგახსენებთ, რომ კატარის LGBTQ+ კანონების მიხედვით, ჰომოსექსუალობა სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთით ისჯება.
ჯერჯერობით გაურკვეველია, რა ბედი ეწია სტადიონზე დროშით შესულ მამაკაცს.
მოამზადა მაკა ბიბილაშვილმა