ქსელური აღჭურვილობისა და პროგრამული პროდუქტების მწარმოებელმა Cisco Systems-მა რუსეთში 23 მილიონ დოლარზე მეტი ქონება ფიზიკურად გაანადგურა.
ამის შესახებ TASS-ი რუსეთში Cisco-ს იურიდიული პირის საანგარიშო მონაცემებზე დაყრდნობით იტყობინება.
კომპანიამ აღჭურვილობის უტილიზაცია ჯერ კიდევ გასული წლის აგვისტოში გადაწყვიტა. მიზეზი ლიცენზიების შეჩერება და რეექსპორტში ხელის შეშლა გახდა. Cisco ასევე გაანადგურებს ყველა IT აღჭურვილობას და დემო ნიმუშებს.
მწარმოებელი რუსეთიდან ქონების გატანას შუამავლის მეშვეობით ცდილობდა, მაგრამ არ გამოუვიდა. ამიტომ ყველაფრის განადგურება გადაწყდა, რაც რუსეთის ქვეყნის ტერიტორიაზე დარჩა.
შეგახსენებთ, რომ Cisco-მ რუსეთში აღჭურვილობის გაყიდვა და მომსახურება 2022 წლის მარტში შეწყვიტა. ივნისის ბოლოს მან გადაწყვიტა მთლიანად გასულიყო რუსული ბაზრიდან უკრაინის წინააღმდეგ ომის გამო. რუსეთისა და ბელარუსის ბაზრიდან გასვლის გამო კომპანიამ 200 მილიონი დოლარის ოდენობის ზარალი განიცადა.