ციტრუსის მიწოდება ოკუპირებული აფხაზეთიდან რუსეთში თითქმის გაორმაგდა და, 2022 წლის ოქტომბრის შუა რიცხვებიდან 2023 წლის იანვრამდე, 37 ათას ტონას გადააჭარბა. ინფორმაციას რუსული მედია ქალაქ სოჭის კრასნოდარის საბაჟოს პრესსამსახურზე დაყრდნობით ავრცელებს.
გასული სეზონის იმავე პერიოდში რუსეთის ფედერაციაში ოკუპირებული აფხაზეთიდან 19 ათასი ტონა ციტრუსი შევიდა, ახალ სეზონში ეს მაჩვენებელი თითქმის გაორმაგდა.
„მიწოდების ძირითადი მოცულობა მანდარინზე მოდის. წელს ოკუპირებული აფხაზეთიდან 35 000 ტონა მანდარინი შემოვიდა. ბიზნესმენები ასევე აგრძელებენ ფორთოხლისა და ლიმონის იმპორტს: დღეისათვის უკვე შემოტანილია 200 ტონა ფორთოხალი და 500 ტონა ლიმონი. ციტრუსის პროდუქციის იმპორტი სეზონის ბოლომდე გაგრძელდება,“ - აცხადებენ საბაჟოზე,
გარდა ამისა, ახალ სეზონზე ოკუპირებული აფხაზეთიდან რუსეთის ფედერაციაში ფეიხოას მიწოდებამ დაახლოებით 800 ტონა შეადგინა, ხურმისამ - 100 ტონა.