გაზისა და ელექტროენერგიის ფასების გაყინვა მომდევნო ორი ზამთრის განმავლობაში, ბრიტანეთის მთავრობას შესაძლოა, 100 მილიარდ ფუნტზე მეტი (118 მილიარდი დოლარი) დაუჯდეს. ეს კი იმაზე მეტია, ვიდრე პანდემიის დროს გაწეული ხარჯი, რომელიც მილიონობით ადამიანის ხელფასების გადახდას ითვალისწინებდა.
დიდ ბრიტანეთში მილიონობით ადამიანი ემზადება ელექტროენერგიის გადასახადების მასობრივი მატებისთვის მომდევნო რამდენიმე თვის განმავლობაში. გაერთიანებული სამეფოს ენერგეტიკული ფასები ახლა უფრო მაღალია, ვიდრე საფრანგეთის ან იტალიის. ზოგადად, ბრიტანელებმა ფასების ზრდა უფრო მკვეთრად განიცადეს, ვიდრე ევროპელებმა.
ეროვნული სტატისტიკის ინფორმაციით, ბრიტანეთში ბუნებრივი აირის ფასები ივლისამდე თითქმის 96%-ით გაიზარდა, ხოლო ელექტროენერგიის ფასი 54%-ით გაძვირდა.
ყველაზე უარესი კი ჯერ კიდევ წინ არის: იანვრიდან, ენერგიის საშუალო წლიური გადასახადები შეიძლება 4 000 ფუნტს (4 820 დოლარი), ხოლო გაზაფხულიდან 5000 ფუნტ სტერლინგს (6 000 დოლარი) აღემატებოდეს, ეს კი მოსახლეობის არცთუ მცირე ნაწილის გაღარიბებას გამოიწვევს.
გასულ წელს, როდესაც ხარჯები გაიზარდა გაერთიანებული სამეფოს 31 მცირე ენერგეტიკული კომპანია - რომლებიც ტრადიციულად კონკურენტულ ფასებს სთავაზობდნენ - გაკოტრდა, რის გამოც მილიონობით მომხმარებელი იძულებული გახდა უფრო დიდი მომწოდებლების აბონენტი გამხდარიყო.
ევროპა კი უფრო სხვაგვარად მოქმედებს - ქვეყნების უმეტესობას აქვს უფრო მკაცრი რეგულაციები მომწოდებლებთან დაკავშირებით, მათ შორის წესები, რომლებიც ფასების მოულოდნელი მატებისგან მოქალაქეებს „იცავს“.