Coca-Cola სპორტული სასმელების მწარმოებელ BodyArmor-ზე სრული კონტროლის აღებასა და კომპანიის დარჩენილი 70%-ის 5,6 მლრდ დოლარად შეძენას გეგმავს. ამის შესახებ The Wall Street Journal წერს.
გამოცემის თანახმად, ეს ყველაზე დიდი გარიგება იქნება Coca-Cola-ს ისტორიაში. ამჟამად Coca-Cola კომპანია BodyArmor-ის 30%-იან წილს ფლობს. დარჩენილ 70%-ს ბრენდი კომპანიის დამფუძნებლებისა და ინვესტორებისგან შეისყიდის, რომელთა შორის NBA-სა და MLB-ის სპორტსმენები არიან. მაგალითად, NBA-ს ვარსკვლავის, კობი ბრაიანტის ოჯახმა, თავისი წილის სანაცვლოდ, შესაძლოა, 400 მლნ დოლარზე მეტი მიიღოს. ბრაიანტმა BodyArmor-ში 6 მლნ დოლარის ინვესტიცია ჩადო და დირექტორთა საბჭოში შედიოდა.
Coca-Cola-მ სპორტული სასმელების კომპანიაში პირველი ინვესტიცია 2018 წელს განახორციელა, როდესაც ის სტარტაპს წარმოადგენდა. მაშინ გაზიანი სასმელების გიგანტმა BodyArmor-ის 15%-იანი წილი 300 მლნ დოლარად შეიძინა, შემდეგ კი კომპანიის დისტრიბუცია აიღო თავის თავზე, რამაც Coca-Cola-ს პარტნიორობისთვის აქციების კიდევ 15% მოუტანა.
2018 წელს BodyArmor-ის გაყიდვებმა 250 მლნ დოლარი შეადგინა, წელს კი კომპანია 1,4 მლრდ დოლარის შემოსავალს ელოდება.
BodyArmor 2011 წელს მაიკლ რეპოლისა და ლენს კოლინზის მიერ დაარსდა. ბრენდის 12.5%-ს კომპანია Keurig Dr Pepper ფლობს. BodyArmor სპორტულ სასმელებსა და მინერალურ წყალს აწარმოებს. ბრენდი თავის შეთავაზებებს ჯანსაღი პროდუქტის სახით რეკლამირებდა, რითიც ახალგაზრდა სპორტსმენების ინვესტიციები მიიზიდა, რომლებიც, ასევე, კომპანიის სარეკლამო აქციებში მონაწილეობდნენ.
bpn.ge