შვეიცარიის წამყვან ბანკს, Credit Suisse Group-ს ახალი აღმასრულებელი დირექტორი ჰყავს. აღნიშნულ თანამდებობაზე ულრიხ კერნერი დაინიშნა. Reuters-ის შეფასებით, მენეჯმენტის განახლებით ბანკი შეეცდება, ახალ გამოწვევას გაუმკლავდეს და სკანდალების სერიიდან რეაბილიტაცია შეძლოს.
სააგენტოს ცნობით, ყოფილ აღმასრულებელ დირექტორზე, თომას გოტშტეინზე ზეწოლა თვეების განმავლობაში გახმაურებული სკანდალებისა და ზარალის გამო იზრდებოდა, რაც ბანკმა თანამდებობაზე მისი 2-წლიანი მუშაობის პერიოდში განიცადა. ამან აქციების დაცემა და ინვესტორების განაწყენება გამოიწვია, ამიტომ ზოგიერთი მათგანი ბოლო თვეებში გოტშტეინის შეცვლას მოითხოვდა. თუმცა ბანკი აქამდე წინააღმდეგი იყო.
Financial Times წერს, რომ ჯგუფის დატოვებას კიდევ ერთი უფროსი აღმასრულებელი, კრისტიან მეისნერი გეგმავს, რომელიც კრედიტორის საინვესტიციო ბანკის ხელმძღვანელად მუშაობდა.
2020 წელს, როცა თომას გოტშტეინი Credit Suisse Group-ის ხელმძღვანელად დაინიშნა, მან პირობა დადო, რომ „სუფთა ფურცლიდან“ დაიწყებდა და ბანკს შიდა ჯაშუშობის სკანდალიდან გამოიყვანდა, რაც მის წინამორბედ ტიჯან თიამს სამუშაო ადგილად დაუჯდა. მას შემდეგ, რაც 2020 წლის თებერვალში თიამი სამსახურიდან წავიდა, აქციები, თითქმის, 60%-ით დაეცა და ბანკში პრობლემები მხოლოდ გამწვავდა. 2021 წელს ამერიკული საინვესტიციო კომპანია Archegos-ის დაშლისა და 10 მლრდ დოლარის ღირებულების მიწოდების ჯაჭვის ფინანსური ფონდების დაცემის შედეგად ბანკმა 5,5 მლრდ დოლარის ზარალი განიცადა. მოვლენებმა მენეჯმენტის შეცვლა გამოიწვია, ასევე, დაიწყო გამოძიება, რასაც შემდგომი დანაკარგები და ახალი სამართლებრივი საქმეები მოჰყვა.
ულრიხ კერნერმა Credit Suisse-ის ახლად გამოყოფილი აქტივების მართვის განყოფილება 2021 წლის აპრილში ჩაიბარა. მისი განყოფილების საქმიანობა 10 მლრდ დოლარის ღირებულების მიწოდების ჯაჭვის ფინანსური ფონდების დაშლის შემდეგ, გადახდისუუნარო ფინანსისტ Greensill Capital-ს უკავშირდება.
კერნერი Credit Suisse-ში მთავარი კონკურენტი ბანკიდან, UBS-დან გადავიდა, სადაც 2019-დან 2020 წლამდე აღმასრულებელი დირექტორის მრჩევლად მუშაობდა. ის 2014-დან 2019 წლამდე UBS Asset Management-ს მართავდა. კერნერი ადრე Credit Suisse Financial Services-ის უფროსი აღმასრულებელი იყო და შვეიცარულ ბიზნესს ხელმძღვანელობდა. კერნერი, რომელიც ერთი პერიოდი McKinsey-ში მუშაობდა, შვეიცარიაში რესტრუქტურიზაციის ექსპერტად ითვლება.
თავის სტრატეგიულ მიმოხილვაში, რომელიც დღეს გამოაქვეყნა, ახალ აღმასრულებელ დირექტორთან ერთად Credit Suisse-მა მეორე კვარტლის ზარალიც დაასახელა, რამაც 1,59 მლრდ შვეიცარული ფრანკი (1,65 მლრდ დოლარი) შეადგინა. ამან ბაზრის მოლოდინებს მეტად გადააჭარბა, რადგან ანალიტიკოსები ივნისში 206 მლნ ფრანკის სუფთა ზარალს პროგნოზირებდნენ. Reuters-ის შეფასებით, ეს სიახლე ბანკის საინვესტიციო საბანკო ოპერაციებს კიდევ უფრო შეზღუდავს.
წყარო: ბიზნესპრესნიუსი