შვეიცარიის უმსხვილესმა ბანკმა UBS-მა კონკურენტი Credit Suisse-ის 3.2 მილიარდ დოლარად ყიდვის გადაწყვეტილება მიიღო.
მოლაპარაკებებში აქტიურად იყვნენ ჩართულები: ევროპის ცენტრალური ბანკი, აშშ-ის ფედერალური რეზერვი და შვეიცარიის ცენტრალური ბანკი, იმისათვის, რომ გარიგება რაც შეიძლება მალე შემდგარიყო.
Credit Suisse-ის ინვესტორები კომპანიის ყოველი 22.5 აქციის სანაცვლოდ UBS-ის 1 აქციას მიიღებენ. ბანკების გაერთიანების შემდეგ კი, UBS-ის აქტივების მოცულობა 5 ტრილიონ დოლარს მიაღწევს, რაც მას შვეიცარიაში უმსხვილეს საფინანსო ორგანიზაციად აქცევს.
UBS-მა შვეიცარიის ცენტრალური ბანკის მხრიდან 108 მილიარდი დოლარის შეღავათიანი სესხიც უნდა მიიღოს, თანხის ნაწილი კი ბანკის რესტრუქტურიზაციას და Credit Suisse-ის ვალდებულებების გადაფარვას უნდა მოხმარდეს.