გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაცული ტერიტორიების სააგენტოსთვის დაცული ტერიტორიების მდგრადი მართვა და მართვის სისტემების გაუმჯობესება ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. ინფორმაციას დაცული ტერიტორიების სააგენტო ავრცელებს.
„აღნიშნულის ფარგლებში, დაცული ტერიტორიების სააგენტოსა და შვედეთის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (SIDA) შორის საგრანტო შეთანხმება გაფორმდა.
პროექტი „გადავარჩინოთ ბუნება-საქართველო“ მიზნად ისახავს, მომდევნო 2 წლის განმავლობაში, ახალი მართვის გეგმების შემუშავებასა და არსებულის განახლებას.
პროექტის ფაგლებში მოხდება:
• 4 დაცული ტერიტორიისთვის ახალი მენეჯმენტის გეგმის შემუშავება, მათ შორის, მარტვილის და ოკაცეს ბუნების ძეგლების, ბაწარა-ბაბანეურის დაცული ტერიტორიების, მარიამჯვარის სახელმწიფო ნაკრძალისა და ერუშეთის ეროვნული პარკის ადმინისტრაციებისთვის;
• 2 დაცული ტერიტორიისთვის მენეჯმენტის გეგმის განახლება, მათ შორის, აჯამეთის აღკვეთილისა და იმერეთის მღვიმეების დაცული ტერიტორიების ადმინისტრაციისთვის;
• 2 დაცული ტერიტორიისთვის ახალი წყლის რესურსების მენეჯმენტის გეგმის შემუშავება, მათ შორის, ჯავახეთის დაცული ტერიტორიებისა და კოლხეთის ეროვნული პარკისთვის;
• გენერალური გეგმის შემუშავება 17 მენეჯმენტის გეგმისთვის.
SIDA-ს პროექტის ფარგლებში განხორციელებული აქტივობები ერთი მხრივ ხელს შეუწყობს დაცულ ტერიტორიებზე არსებული რესურსების სწორად მართვას, მათ შორის ბუნებრივი რესურსების გამოყენების თანამედროვე მეთოდების დანერგვას, მეორე მხრივ კი მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს დაცული ტერიტორიების მიმდებარედ მცხოვრები მოსახლეობის სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესებას. პროექტის ღირებულება 278 000 ევროს შეადგენს“ – ნათქვამია ინფორმაციაში.