სოციალური საწარმო „დადარის“ პროდუქცია გერმანიის ქალაქ ნიურნბერგში, სათამაშოების უმსხვილეს გამოფენაზე გამოჩნდა. 5 დღიანმა გამოფენამ კომპანიას დიდი წარმატება მოუტანა და ამ ეტაპზე ,,დადარის“ სათამაშოებით 40-მდე უცხოური კომპანიაა დაინტერესებული.
„გამოფენაზე ,,დადარის“ ნამუშევრებმა ძალიან დიდი ინტერესი და მოწონება დაიმსახურა, ჩვენი სათამაშოების მაღალ ხარისხსა და განსაკუთრებულ დიზაინს აღიარებდნენ სათამაშოების დარგის წამყვანი კომპანიები“ - არჩილ გობეჯიშვილი, „დადარის“ დამფუძნებელი.
კომპანიის 2023 წლის გეგმებში თანამშრომელთა გადამზადება და საწარმოს ტექნიკური აღჭურვა პირველ ადგილზეა. ეს პროცესი უკვე დაწყებულია და წელს საწარმოს შესაძლებლობების 80%-იან ზრდას ვარაუდობენ.
საწარმო საქმიანობას შეასწავლის, შემდგომ კი ასაქმებს როგორც შეზღუდული შესაძლებლობების მქონე, ისე საქართველოში ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირებს; ხელს უწყობს მათ საზოგადოებრივ ცხოვრებაში სრულფასოვან ჩართვასა და შრომითი ბაზრის კონკურენტუნარიან კადრებად ჩამოყალიბებას.
სოციალური საწარმო ,,დადარი“ 2018 წელს შეიქმნა. მისი მისია ბავშვებისთვის სამყაროს შეცნობის პროცესის გასამარტივებლად უსაფრთხო და შემეცნებითი სათამაშოების შექმნა იყო. იდეა წარმატებული აღმოჩნდა და ,,დადარის“ გუნდის მიერ დამზადებული სათამაშოებით მსოფლიოს მასშტაბით უამრავი ბავშვი თამაშობს. საწარმო სააგენტო ,,აწარმოე საქართველოში“ ბენეფიციარია.