თანამშრომლების კორონავირუსით ინფიცირების გამო „აჭარა ტექსტილის“ ქობულეთის საწარმო დროებით შეჩერებულია.
როგორც „კომერსანტს“ კომპანიის ფინანსურმა დირექტორმა გია ლომინაძემ განუცხადა, კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლაში მათი ჩართულობის მიუხედავად, პანდემიამ კომპანიის საქმიანობაზე უარყოფითი გავლენა მოახდინა.
„ზოგადად, არა მარტო ჩვენთვის, არამედ მთელი მსოფლიოსთვის ეს პანდემია ძალიან დიდი შემაფერხებელი ვირუსია და როგორც ჩვენი კომპანიის, ასევე მთლიანად ქვეყნის ეკონომიკურ მდგომარეობაზეც უარყოფით გავლენას ახდენს. მიუხედავად ამისა ვცდილობთ, რომ ამ გავლენის მინიმიზაცია მოვახდინოთ.
ჩვენ თავიდანვე აქტიურად ვიყავით ჩართული პირბადეების წარმოებაში, კორონავირუსთან ბრძოლის პროცესებში და ასევე იმაშიც, რომ თავიდანვე მაქსიმალურად ვიცავდით ყველა იმ რეკომენდაციას, რომელიც გაცემული იყო ლუგარის ლაბორატორიის მიერ. ჩვენთანაც შესაბამისად, უსაფრთხოების ზომები როგორიცაა პირბადე, დეზინფექცია, დისტანციის დაცვა - ყველაფერი სისტემატურად ხორციელდებოდა, მაგრამ სამწუხაროდ ბათუმი წითელ ზონაშია და ამ ვირუსმა ჩვენს საწარმოშიც შემოაღწია. ამ ეტაპზე 5 ადამიანია დაინფიცირებული - მათგან 1 საავადმყოფოშია, 1 კარანტინში, 3 კი - თვითიზოლაციაში.
გასულ პარასკევს ჩვენ შევაჩერეთ მუშაობა და ველოდებით საბოლოო ტესტის პასუხებს, იმისთვის, რომ უკვე მივიღოთ კონკრეტული გადაწყვეტილება - გაიფილტროს ის თანამშრომლები ვის აქვს დადასტურებული და ვინც არის ჯანმრთელი. რის შემდეგაც, გვსურს ისევ განვაახლოთ მუშაობა.“ - განმარტავს გია ლომინაძე.
გია ლომინაძის თქმით ამ ეტაპზე ქობულეთის საწარმო სრულიად გაჩერებულია, თუმცა აქტიურად მიმდინარეობს რუსთავში არსებული საწარმოს მშენებლობის პროცესი.
„ქობულეთის საწარმო სრულად გაჩერებულია. რუსთავში ჯერ-ჯერობით მხოლოდ მშენებლობა მიმდინარეობს და იქ საშიში არაფერია. ხოლო ფოთისა და ბენზეს საწარმოები ჩვეულებრივი ტემპით მუშაობენ.
ამ ეტაპზე სიახლე ჩვენთვის მხოლოდ რუსთავია და ძირითადად მთლიანად მასზე ვართ გადართულები. 20 000 – 22 000 კვ.მ-ზე გაშენებული ქარხანა, სადაც 3 000 ადამიანი დასაქმდება, ალბათ, საქართველოში (და არა მხოლოდ საქართველოში) ყველაზე დიდი ტექსტილის საწარმო იქნება.
გადახურვის სამუშაოები უკვე მიმდინარეობს და ვფიქრობთ, რომ სადღაც თვენახევარში მშენებლობის ძირითად ნაწილს დავასრულებთ.
ვფიქრობდით, რომ ოქტომბრის ბოლოსთვის დასრულდებოდა მშენებლობა, თუმცა ალბათ ეს ვადა ნოემბრის ბოლოს გადაიწევს.
რაც შეეხება ფეხბურთის გუნდების ფორმებს - ჩვენი შეთანხმება ძალაში რჩება.“ - აღნიშნავს გია ლომინაძე
შეგახსენებთ, რომ ქალაქ რუსთავში შპს. „ქართლი ტექსტილის“ სახელით მასშტაბური საწარმოს მშენებლობა მიმდინარეობს, სადაც Borrusia-ს , Chelsea-სა და Liverpool-ის გუნდების ფორმები შეიკერება.
ანი ცარციძე