„დაკავებულობის მაჩვენებელი 92%-ია, ყოველთვიური ფასი კი 500 ლარამდე გავზარდეთ“, — ამის შესახებ „ტერმინალის“ დირექტორმა ჯინო დოლინიმ „კომერსანტთან“ ისაუბრა.
ჯინო დოლინი ამბობს, რომ თბილისში Terminal-ის სამუშაო სივრცის 65% ქართველებს, ხოლო 35% უცხოელებს უჭირავთ, თუმცა განსხვავებული ვითარებაა ბათუმში.
„2022 წელი ყველაზე წარმატებული იყო, როგორც ფინანსური, ასევე დაკავებულობის კუთხით. 2021 წლის ზაფხულიდან დაიწყო მოთხოვნის ზრდა და ომის დაწყებამდე „ტერმინალის“ დაკავებულობის მაჩვენებელი უკვე დაახლოებით 80% იყო. გასული წლის გაზაფხულიდან მოთხოვნა მნიშვნელოვნად გაიზარდა, ფაქტობრივად მოთხოვნას ვერ ვაკმაყოფილებდით, შესაბამისად 2022 წელი ლოკალური და უცხოელი მომხმარებლების თვალსაზრისით საგრძნობლად მზარდი იყო. თუ 2021 წლის ბოლოს დაკავებულობის მაჩვენებელი 65% იყო, 2022 წელს 92% გახდა.
დღევანდელი მონაცემებით, ჩვენი საერთო სამუშაო სივრცის 65% ქართველებს, ხოლო 35% უცხოელებს უჭირავთ, თუმცა უცხოელები არიან როგორც „ფრილანსერები“, ასევე დიდი საერთაშორისო კომპანიის თანამშრომლები რუსეთიდან, უკრაინიდან და ბელარუსიდან. რაც შეეხება ბათუმს, იქ უფრო მეტი უცხოელია, ვიდრე ქართველი, მაგალითად ფილიალის 60% უკვე უჭირავს საერთაშორისო კომპანიას, ამიტომ საერთო ჯამში ბათუმში 90% უცხოელი მუშაობს“, — ამბობს ჯინო დოლინი.
„ტერმინალის“ ხელმძღვანელი აღნიშნავს, რომ მრავალწლიანი მუშაობის მანძილზე ფასების კორექტირება მხოლოდ ერთხელ, გასული წლის სექტემბერში მოხდა.
„2017 წლის შემდეგ ფასების გადახედვა მხოლოდ გასულ წელს მოხდა, რადგან ქვეყანაში საგრძნობლად გაიზარდა კონკურენცია, რასაც ბაზარზე ფასების დარეგულირება მოჰყვა, შესაბამისად თუ ჩვენ სივრცეში მაგიდის ქირაობა 425 ლარი ღირდა, ახლა მისი ღირებულება 500 ლარი გახდა“, — ამბობს ჯინო დოლინა.
ცნობისთვის „ტერმინალი“ საქართველოს მასშტაბით 7 ფილიალითაა წარმოდგენილი.