რუსეთზე ეკონომიკური დამოკიდებულება სანქციებზე მიერთების გარეშეც დააზარალებს საქართველოს

რუსეთზე ეკონომიკური დამოკიდებულება სანქციებზე მიერთების გარეშეც დააზარალებს საქართველოს

access_time2022-03-02 10:00:33

საქართველო რუსეთის წინააღმდეგ ამოქმედებულ სანქციებს ოფიციალური განმარტებით ომის შიშითა და ეკონომიკური დანაკარგის თავიდან ასაცილებლად არ უერთდება. რუსეთმა უკვე ძალიან ბევრჯერ დაამტკიცა, რომ ომის დასაწყებად მიზეზი არ სჭირდება. მასზე ეკონომიკურად დამოკიდებულების შემთხვევაში კი საქართველო მაინც დაზარალდება. გარდა ამისა თბილისს სანქციების ნაწილისთვის მიერთება მაინც მოუწევს, წინააღმდეგ შემთხვევაში ისინი თავად საქართველოს წინააღმდეგ ამოქმედდება. სანქციების დაწესებით თუ არ დაწესებით ქვეყანას რუსეთზე დამოკიდებულების შემცირების შანსი ეძლევა.

 

რუსეთზე ეკონომიკურად დამოკიდებულება რას ნიშნავს, ეს საქართველომ კარგად იცის. 1993 წელს მოსკოვმა თბილისს რუბლის მიწოდება შეუჩერა. რამდენიმე თვეში დროებითი ფულის - კუპონის კურსმა აშშ დოლართან მიმართებაში 2.4 მლნ-ს მიაღწია.

 

1995-2006 წლებში, ემბარგომდე რუსეთი საქართველოს #1 საექსპორტო პარტნიორი იყო. 1995-2021 წლებში საქართველომ ექსპორტზე სულ $42.6 მლრდ-ის ექსპორტი განახორციელა, მათგან 10.2% ანუ $4.3 მლრდ რუსეთში. ამ მხრივ რუსეთი მეორე ადგილს იკავებს და პირველადგილოსან აზერბაიჯანს მნიშვნელოვნად ჩამორჩება, სადაც იმავე პერიოდში ექსპორტზე $6.1 მლრდ-ია პროდუქცია გავიდა, თუმცა თითქმის ორჯერ უსწრებს ბოლო პერიოდში დაწინაურებულ ჩინეთს.

 

1995 წელს რუსეთის წილი ექსპორტში 31%-ს აჭარბებდა, 2003 წელს 18%-მდე იყო შემცირებული. 2005 წელს ემბარგომდე 1 წლით ადრე 17.7%, 2006 წელს 8.1%-მდე, მინიმუმამდე 1.7%-მდე 2011 წელს შემცირდა, 2012 წელს ოდნავ 2%-მდე გაიზარდა, 2013 წელს 6.6%-მდე, 2021 წელს კი 14.4%-მდე.

 

რუსეთში ძირითადად ფეროშენადნობი, ღვინო, სპირტიანი სასმელები, მინერალური წყლები და ხილი იყიდება. საიმპორტო პროდუქციაში მოწინავე პოზიციებს ნავთობი, გაზი, ხორბალი და ზეთი იკავებს.

 

2006 წელს ემბარგოს მიზანს ეკონომიკაზე დარტყმის მიყენება წარმოადგენდა, მაგრამ საპირისპირო მოხდა, თავად 2006 წელს ექსპორტი 8%-ით, ხოლო 2007 წელს კიდევ 32%-ით გაიზარდა.

 

2006-2012 წლებში, მაშინ როცა რუსეთის ბაზარი თითქმის ჩაკეტილი იყო საქართველოს ჯამური ექსპორტი 175%-ით გაიზარდა, 2013-2019 წლებში, რუსული ბაზრის გახსნის შემდეგ კი 60%-ით.

 

2006-2012 წლებში, ომისა და მსოფლიოს ეკონომიკური კრიზისის პირობებში საქართველოს ეკონომიკა 47.4%-ით გაიზარდა, 2013-2019 წლებში 32.3%-ით.

 

რუსული ბაზარი, გარდა იმისა რომ პოლიტიკურად არასანდოა. არავინ იცის როდის აღმოაჩენს რომელიმე ონიშენკო რამე დარღვევას, ან როდის გასკდება „სრულიად შემთხვევით“ გაზის მილი, ეკონომიკურადაც არამომგებიანია. 2021 წელს რუსეთში 1 ლიტრი ქართული ღვინის საექსპორტო ღირებულება $2.76 შეადგენდა, ლატვიაში $3.46-ს, ჩინეთში $3.73-ს, გერმანიაში $5.04-ს, ხოლო შეერთებულ შტატებში $6.33. თუმცა იმის გამო, რომ ღვინის ექსპორტში საქართველო 55%-ით რუსეთზეა დამოკიდებული იმავე 2021 წელს რუსეთში $131 მლნ-ის ღვინო გაიყიდა, ჩინეთში $16.3 მლნ-ის და შეერთებულ შტატებში მხოლოდ $4.9 მლნ-ის.

 


2020 წელს რუსეთმა ღვინის იმპორტში მეათე ადგილი დაიკავა მან სულ $1,09 მლრდ-ის ღვინო იყიდა, რაც მსოფლიო ბაზრის 3.1%-ა. რუსეთის მოთხოვნის 11% საქართველომ დააკმაყოფილა. იმავე წელს შეერთებულმა შტატებმა $5,9 მლრდ-ის ღვინო იყიდა, ბრიტანეთმა $4.4 მლრდ-ის, გერმანიამ $2.9 მლრდ-ის, კანადამ $2 მლრდ-ის და ჩინეთმა $1.8 მლრდ-ის. რუსეთამდე, პირველ 9 ქვეყანაში სულ $22.4 მლრდ-ის ღვინო გაიყიდა. საქართველომ ამ ქვეყნების მოთხოვნის 3%-იც რომ დააკმაყოფილოს, ჯამური ექსპორტი 3-ჯერ გაიზრდება, ისე რომ რუსეთში გასაყიდად 1 ბოთლი ღვინოც აღარ დარჩება.

 

2005 წელს საქართველომ სულ $81 მლნ-ის ღვინო გაყიდა და მისმა წილმა ექსპორტში 9.4% შეადგინა. 2006 წელს რუსეთმა ქართულ პროდუქციას ემბარგო გამოუცხადა, შედეგად იმავე წელს ღვინის გაყიდვები განახევრდა, 2007 წელს კი $29 მლნ-მდე, წილობრივად ექსპორტის 2.4%-მდე შემცირდა. ღვინის ექსპორტი ნაბიჯ-ნაბიჯ რუსეთის ბაზრის გახსნამდეც იზრდებოდა და 2012 წელს $65 მლნ-ს მიაღწია, 2013 წელს კი გაორმაგდა და $128 მლნ გახდა. როგორც 2020, ასევე 2021 წელს რუსეთის გარეთ იმაზე მეტი ღვინო გაიყიდა, ვიდრე ემბარგომდე რუსეთის ჩათვლით.

 

ეკონომიკის მინისტრ ლევან დავითაშვილის განმარტებით წიაღისეული პროდუქციისთვის ახალი ბაზრების მოძებნა შედარებით მარტივი იქნება, სოფლის მეურნეობის პროდუქტების კი უფრო მეტად გართულდება.

 

იმპორტის წილი რუსეთიდან ოდნავ ნაკლებია და საშუალოდ 9.2%-ს შეადგენს. 1995-2021 წლებში $128 მლრდ-იანი იმპორტიდან რუსეთზე $11.7 მლრდ მოდიოდა. ის ამ შემთხვევაშიც მეორე ადგილს იკავებს. პირველზე $21.5 მლრდ-ით თურქეთია, მესამე და მეოთხე ადგილებს აზერბაიჯანი და ჩინეთი ინაწილებენ.

 

ექსპორტისგან განსხვავებით, რუსეთიდან იმპორტის წილს 17%-ისთვის არასდროს გადაუჭარბებია და ასევე ექსპორტისგან განსხვავებით 5%-ს არასდროს ჩამოსცდენია.

 

ფულად გზავნილებში რუსეთის წილი 2022 წლამდე პირველ ადგილს იკავებდა, იანვარში კი მას იტალიამ გაუსწრო, თავად რუსეთმა კი 13.3%-იანი წილით მეორე ადგილზე გადაინაცვლა. წლების განმავლობაში რუსეთი არამხოლოდ პირველი იყო გზავნილებში მისი წილი 50%-საც კი სცილდებოდა.

 

პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებში რუსეთი მხოლოდ მე-8 ადგილს იკავებს. 1996-2020 წლებში საქართველოში სულ $22 მლრდ-ის FDI შემოვიდა, რუსეთის წილი მასში 3.9% - $857 მლნ-ა. 2021 წლის 3  კვარტალში დამატებით $728 მლნ-იანი ინვესტიციიდან 7.3% ანუ $58 მლნ რუსულია. პროცენტულად ყველაზე მეტი - 12.9% რუსული ინვესტიცია 2003 წელს შემოვიდა, თანხობრივად 2014 წელს - $87 მლნ.

 

2018 წელს რუსეთიდან საქართველოს 1.4 მლნ ვიზიტორი ეწვია, თითქმის იმდენივე რაც აზერბაიჯანიდან, 2019 წელს 1.471 მლნ ამჯერად ჩამორჩენა მცირედით გაიზარდა წილობრივად კი 19.4%-დან 19%-მდე შემცირდა, რისი მიზეზიც 20 ივნისის შემდეგ ფრენების აკრძალვა გახდა. პანდემიურ 2020-2021 წლებში შესაბამისად 209 და 213 ათასი. პროცენტულად 13.8% და 12.4%. ექსპორტის მსგავსად რუსეთის უპირატესობა რაოდენობრივია, ის ოდნავ მეტს ხარჯავს ვიდრე სომეხი ან აზერბაიჯანელი ტურისტი, მაგრამ 3-ჯერ და 4-ჯერ ნაკლებს ვიდრე ამერიკელი ან არაბი.

 

იმის გათვალისწინებით, რომ რუსეთი მეზობელი სახელმწიფოა $1.4 ტრლნ-იანი ეკონომიკით მასზე დაწესებული ახლა უკვე ნამდვილად მკაცრი სანქციები საქართველოსაც დააზარალებს, მაშინაც კი თუ თავად არ შეუერთდა სანქციებს, თუმცა ეს „არ შეერთებაც“ მხოლოდ პირობითია შეზღუდვები „ვითიბი ბანკი ჯორჯიაზე“ ავტომატურად გავრცელდა, რის გამოც ბანკი იძულებული გახდა ფიზიკური პირების მთელი პორტფელი, როგორც სესხები, ასევე დეპოზიტები ბაზის ბანკზე სახელდახელოდ გაესხვისებინა.

 

სანქციები საერთაშორისო გადარიცხვებს შეეხო და არა ვესტერნი იუნიონისა და მანიგრამის მსგავს სწრაფ გზავნილებს, მაგრამ თუ 10 000 რუბლი 1 თვის წინ $128 იყო, ახლა $95-ა. ცენტრალური ბანკის გაუყინავი რეზერვები რომ ამოიწურება შეიძლება $50 გახდეს.

 

ეკონომიკური ვარდნა შეამცირებს როგორც მოგზაურობის მსურველთა ასევე ღვინის მყიდველთა რაოდენობასაც. ერთადერთი შეიძლება იმპორტი გაიაფდეს, რაც ქვეყანას ოკუპანტზე კიდევ უფრო მეტად დამოკიდებულს გახდის.

 

საქართველოს რუსეთისთვის ომის გამოცხადებას, ან უკრაინისთვის შეიარაღების მიწოდებას არავინ სთხოვდა, ესტონეთმა რომ მიაწოდა იარაღი ესტონეთი ნატოს წევრია. განსაკუთრებული გაღიზიანება როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე გარეთ შინაარსზე მეტად ფორმამ გამოიწვია. ომს არც პრეზიდენტი ზურაბიშვილი აცხადებს, მაგრამ მისი განცხადებები, მოცემულ ვითარებაში ოპონენტებისგანაც მოწონებას იმსახურებს. 

 

ყოველთვის ჩნდება კითხვა ამერიკელები კი უფრო მეტს იხდიან ჩვენს ღვინოსი, მაგრამ ცოტას ყიდულობენ და რა ვქნათ? რთული, მაგრამ აუცილებლად გასავლელი პროცესია, ახლა საქართველო რუსეთს გარეთ იმაზე 30%-ით მეტ ღვინოს ყიდის, ვიდრე ემბარგომდე რუსეთის ჩათვლით. ხორბალი? ხორბალს ყაზახეთიც ყიდის, უკრაინაც, კანადაც... შეიძლება პური 10-20 თეთრით გაძვირდეს, რაც ღარიბი მოსახლეობისთვის მძიმე დარტყმა იქნება, მაგრამ უკეთესი გამოსავალი არც მუდმივი შიშისა და შანტაჟის ქვეშ ცხოვრებაა. ელექტროენერგია? რატომ არ აშენდა ხუდონჰესი, ნენსკრა ჰესი, ნამახვან ჰესი სხვა დიდი ჰესები მზისა და ქარის ელექტროსადგურები?

 

ოკუპანტი ქვეყნის ოკუპანტად გამოცხადება ლოგიკურია, ოკუპანტად გამოცხადებული ოკუპანტ ქვეყანაზე ეკონომიკური დამოკიდებულება არალოგიკური.

 

რუსეთის ეკონომიკა ჩინეთის ეკონომიკის 10%, აშშ-ის ეკონომიკის 7% და მსოფლიოს ეკონომიკის 1.8%-ა. თავისუფალ სამყაროში ეს მიმზიდველი რიცხვები იქნებოდა, რუსეთის შემთხვევაში სახიფათოა. 1998 წელს ყოველგვარი სანქციების გარეშე, რუსეთის კრიზისის გავლენით ეკონომიკური ზრდის ტემპი 10.5%-დან 3.1%-მდე შემცირდა. ლარი, რომელიც 3 წელი 1.3-იან კურსს ინარჩუნებდა 2.00-იან ნიშნულს გადასცდა. დღეს საქართველო ისე აღარ არის რუსეთზე დამოკიდებული, როგორც 24 წლის წინ, მაგრამ არსებული დამოკიდებულებაც, მაინც სახიფათოდ მაღალია.


გიორგი ელიზბარაშვილი




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up