შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის ალექსანდრე დარახველიძის განცხადებით, გასულ 2022 წელს, 2021 წელთან შედარებით, დანაშაულის რაოდენობა შემცირებულია 3.39%-ით (-1908 ფაქტი). ამის შესახებ მინისტრის მოადგილემ რეგისტრირებული დანაშაულის შესახებ მონაცემების წარდგენისას განაცხადა.
ალექსანდრე დარახველიძის თქმით, მათ შორის შემცირებულია ისეთი მძიმე და განსაკუთრებით მძიმე კატეგორიის დანაშაულები, როგორიცაა:
მკვლელობა;
მკვლელობის მცდელობა;
ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება;
თავისუფლების უკანონო აღკვეთა;
ყაჩაღობა;
ქურდობა, მათ შორის ბინის გაქურდვა და სხვ.
მინისტრის მოადგილის თქმით, დანაშაულის გახსნის მაჩვენებელი უპრეცედენტოდ მაღალია და 62%-ს აღემატება.
ალექსანდრე დარახველიძის თქმით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ შეისწავლა ევროპული ქვეყნების საუკეთესო პრაქტიკა, რომლის მიხედვითაც შემუშავდა მთელი რიგი სტატისტიკური მონაცემების გამოქვეყნების ახალი ფორმა და ვადები. მისი განცხადებით, ხაზგასასმელია, რომ არ იცვლება დანაშაულის სტატისტიკის დამუშავების მეთოდოლოგია, თუმცა იცვლება ვადები და გამოსაქვეყნებელი მონაცემები უფრო დეტალური ხდება. რეგისტრირებული დანაშაულის სტატისტიკური მონაცემები, დანაშაულის სახეობის, კონკრეტული მუხლებისა და გახსნის მაჩვენებლის მითითებით გამოქვეყნდება წელიწადში 4-ჯერ, კვარტალურად.
შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ მონაცემების გამოქვეყნების ფორმისა და ვადების ცვლილება არ შეეხება საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრულ საჯარო ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნების სტანდარტს, საჯარო ინფორმაციის ელექტრონული ფორმით მოთხოვნის წესსა და პროაქტიულად გამოსაქვეყნებელი საჯარო ინფორმაციის ნუსხას.