დანიის ჯანდაცვის მინისტრმა, მაგნუს ჰოინიკემ განაცხადა, რომ კორონავირუსის „ომიკრონი“ ვარიანტის BA.2 ქვესახეობა, რომელიც დანიაში დომინანტურია, უფრო გადამდებია, ვიდრე უფრო გავრცელებული BA.1 ქვეხაზი.
„არ არსებობს იმის მტკიცებულება, რომ BA.2 ვარიანტი უფრო მძიმე დაავადებას იწვევს, თუმცა ის უფრო გადამდები უნდა იყოს“, - აღნიშნა დანიის ჯანდაცვის მინისტრმა.
აღსანიშნავია, რომ მსოფლიოში კორონავირუსის შემთხვევების 98% „ომიკრონი“ ვარიანტის BA.1 ქვეხაზზე მოდის, თუმცა დანიაში, „ომიკრონი“ ვარიანტის BA.2 ქვესახეობა დომინანტური გახდა.
დანიის ინფექციური დაავადებების მთავარმა ორგანომ განაცხადა, რომ წინასწარი გამოთვლების თანახმად, BA.2 1.5-ჯერ უფრო გადამდები შეიძლება იყოს, ვიდრე BA.1.
21 იანვარს, დიდ ბრიტანეთში, კორონავირუსის „ომიკრონი“ შტამის ახალი ქვესახეობა (BA.2) გამოავლინეს, რომელიც წინასწარი ანალიზის თანახმად, უფრო სწრაფად ვრცელდება. ამ ეტაპზე მას შესწავლის ქვეშ მყოფი ქვესახეობის სტატუსი მიენიჭა.
25 ნოემბერს, სამხრეთ აფრიკაში, მეცნიერებმა განაცხადეს, რომ კორონავირუსის ახალი ვარიანტი აღმოაჩინეს, რომელსაც უამრავი მუტაცია აქვს. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მთავარმა მეცნიერმა, სუმია სვამინატანმა განაცხადა, რომ ახალ ვარიანტს სპაიკის პროტეინში არაერთი შემაშფოთებელი მუტაცია აქვს.
26 ნოემბერს, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ საგანგებო სხდომაზე სამხრეთ აფრიკაში გამოვლენილ კორონავირუსის ახალ ვარიანტს „შემაშფოთებელი“ უწოდა. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ „ომიკრონთან“ დაკავშირებული საერთო რისკი კვლავ მაღალია.
imedinews.ge