დანია ქვეყნის აეროპორტებიდან ფრენების ყველა ბილეთზე სამგზავრო გადასახადის შემოღებას აპირებს. ახალი გადასახადი 1,75 ევროს შეადგენს. ინფორმაციას „ევროპულსი“ ავრცელებს.
მთავრობის გეგმის მიხედვით, ამოღებული თანხა ადგილობრივ საავიაციო ინდუსტრიას მწვანე საწვავისკენ სწრაფვაში დაეხმარება. 2030 წელს ყველა დანიურმა თვითმფრინავმა ეკოლოგიური საწვავით უნდა იფრინოს, როგორიც არის ე.წ. მდგრადი საწვავი, რომელიც სითბური გაზების გამონაბოლქვს 80%-ით ამცირებს. ეს საწვავი მზადდება ნახშირორჟანგისა და წყლისგან ან ბიომასისგან, როგორიც არის გადამუშავებული ზეთები, ცხოველური ცხიმები, ცელულოზა და ა.შ.
სამგზავრო გადასახადის სახსრები თვითმფრინავებიდან, თითქმის, 100 000 ტონა ნახშირორჟანგის ემისიების კომპენსირებას დაეხმარება.
გადასახადის შემოღების კანონპროექტი ამჟამად პარლამენტში განიხილება.
მსგავსი გადასახადი გერმანიაში, ინგლისში, ნორვეგიასა და შვედეთში უკვე მოქმედებს. ერთი წლის წინ „ევროპულსი“ წერდა, რომ ბელგიამ დამატებითი გადასახადი ბრიუსელიდან განხორციელებულ მოკლე ფრენებზე დააწესა, რომელიც 4-დან 6 ევრომდე შეადგენს და ყველა მგზავრზე ვრცელდება. გადასახადს ექვემდებარება ბილეთი, თუ დანიშნულების ქალაქი ბელგიის დედაქალაქიდან 500 კილომეტრზე ნაკლებ მანძილზე მდებარეობს, როგორიც არის, მაგალითად, ამსტერდამი, ლონდონი, პარიზი ან ციურიხი. ამით ბელგიის მთავრობა ხალხის მოტივირებას ეწევა, რომ ეკოლოგიურად ნაკლებად „ბინძური“ ტრანსპორტი გამოიყენონ.
ევროპის გარემოს დაცვის სააგენტოს (EEA) შარშანდელი ანგარიშის მიხედვით, მატარებლით მგზავრობა, თვითმფრინავთან შედარებით, ეკოლოგიურად, თითქმის, ხუთჯერ უფრო სუფთაა.