ცირკულარული შრომითი მიგრაციის მიმართულებით ხელშეკრულება საქართველოს 4 პარტნიორ ქვეყანასთან აქვს გაფორმებული. ამის შესახებ საუბარია დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს წლიურ ანგარიშში. ეს ქვეყნებია გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკა, ისრაელი, საფრანგეთი და ბულგარეთი.
დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტო ამ ეტაპზე უშუალოდ მონაწილეობს ორ ქვეყანასთან, ისრაელის სახელმწიფოსთან და გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკასთან.
ანგარიშის თანახმად, 2022 წელს საქართველოს 1231 მოქალაქეს მიეცა საშუალება ესარგებლა აღნიშნული სქემით და ჩართულიყო სოფლის მეურნეობის სეტორის სეზონურ სამუშაოებზე გერმანიაში.
რაც შეეხება ისრაელს, იქ პირველი ჯგუფი გაემგზავრა 17 პირის შემადგენლობით 2022 წლის 21 დეკემბერს, ანგარიშის თანახმად საქართველოს მოქალაქეებს საშუალება აქვთ დასაქმდნენ ისრაელში, როგორც დამხმარე მუშაკები ხანგრძლივი მოვლის საჭიროების მქონე პაციენტებისათვის განკუთვნილ სამკურნალო დაწესებულებებში.
ანგარიშის თანახმად, „საქართველოს მთავრობასა და საფრანგეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის კვალიფიციური სპეციალისტების ბინადრობისა და ცირკულარული მიგრაციის შესახებ შეთანხმების იმპლემენტაციისათვის“ ხელშეკრულებას ხელი მოეწერა 2013 წლის 12 ნოემბერს. დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტო, სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციებთან და პარტნიორ ქვეყანასთან თანამშრომლობით, უახლოეს მომავალში გეგმავს ზემოხსენებული შეთანხმების პრაქტიკული იმპლემენტაციისათვის უფრო პრაქტიკული ნაბიჯების გადადგმას, თუმცა შეთანხმების ფარგლებში, დღეის მდგომარეობითაც არის შესაძლებელი, რომ კონკრეტული, ხელშეკრულებით გაწერილი პროფესიის მქონე პირი დასაქმდეს საფრანგეთში გამარტივებული პროცედურებით.
ბულგარეთის რესპუბლიკასთან შეთანხმებას კი ხელი მოეწერა 2019 წლის 30 სექტემბერს, ხოლო მისი საიმპლემენტაციო პროტოკოლი გაფორმდა 2021 წლის 30 ნოემბერს. ამ ეტაპზე მხარეებს შორის მიმდინარეობს მუშაობა ხსენებული შეთანხმების განხორციელებისათვის. მუშავდება შესაბამისი ოქმით გათვალისწინებული ტექნიკური პროცედურები, იქმნება სხვადასხვა დოკუმენტები, მიმდინარეობს კონსულტაციები საკოორდინაციო კომისიის დაკომპლექტების მიზნით და ა.შ.