დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს ორგანიზებით, დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამების საინფორმაციო კამპანიის ფარგლებში, მსხვილი ბიზნეს სექტორის წარმომადგენლებთან საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა. ინფორმაციას საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო ავრცელებს.
„დასაქმების სააგენტოს დირექტორმა, ნინო ველთაურმა მოწვეულ სტუმრებს, დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამებისა და სააგენტოს სერვისების შესახებ, დეტალური ინფორმაცია მიაწოდა.
შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება მოწყვლადი ჯგუფების დასაქმების მიმართულებით გამახვილდა. იმსჯელეს საზოგადოებრივი სამუშაოების სახელმწიფო პროგრამასთან დაკავშირებით, რომლის მიზანი სოციალურად დაუცველი შრომისუნარიანი პირების დასაქმებაა.
საინფორმაციო შეხვედრაზე მხარეებმა, ინტერაქციულ ფორმატში, იმსჯელეს დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამების განხორციელების პროცესში ურთიერთთანამშრომლობის ორმხრივი გზების განვითარებასა და ერთობლივ სამომავლო გეგმებზე.
შეხვედრას 50-ზე მეტი, სხვადასხვა მიმართულების, მსხვილი ბიზნესის წარმომადგენელი ესწრებოდა, მათ შორის რითეილ ჯგუფის, რესტორატორთა და დისტრიბუტორთა ასოციაციის ხელმძღვანელი პირები.
მსგავსი საინფორმაციო შეხვედრები კერძო სექტორის წარმომადგენლებთან მთელი საქართველოს მასშტაბით გაგრძელდება“ – ნათქვამია ინფორმაციაში.