„თურქეთში დაზარებული ქალაქების სწრაფი აღდგენისთვის, გარდა შიდა საწარმოებისა, მნიშვნელოვანი იქნება მეზობელი ქვეყნების მხარდაჭერა და ხარისხიანია სამშენებლო მასალების სწრაფი და ეფექტიანი მიწოდება,“ - ამის შესახებ „კომერსანტთან“ აზიისა და სპარსეთის ყურის ქვეყნების ბიზნეს პალატის პირველმა ვიცე-პრეზიდენტმა დავით ცირდავამ განაცხადა. მისი განმარტებით, საუბარი შესაძლოა იყოს თურქეთში სამშენებლო მასალების იმპორტზე.
როგორც ცირდავამ აღნიშნა, ბიზნეს პალატაში არ ვარაუდობენ, რომ თურქეთში მიმდინარე პროცესი საქართველოში რაიმე სახის დეფიციტს გამოიწვევს.
„ჩვენ ვფიქრობთ, რომ ამ მიმართულებით შეგვიძლია თურქეთის მთავრობას დახმარება შევთავაზოთ, რაც შეიძლება გამოიხატებოდეს ადგილობრივი წარმოების სამშენებლო მასალების, მათ შორის ცემენტის, არმატურის და სხვა მასალების საქართველოდან თურქეთში ექსპორტში.
მინდა ღრმა მწუხარება გამოვხატო ადამიანური დანაკარგის მიმართ, თორემ სხვა რამეს როგორღაც ეშველება. თურქეთმა ამ მიწისძვრის გამო ძალიან დიდი ზიანი განიცადა. ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ თურქეთის ეკონომიკური ზარალი, რასაც აშშ-ს გეოლოგიური სამსახური აქვეყნებს არის 1 მლრდ, თუმცა იქ ვარაუდობენ 10 მლრდ-მდე. ეს ნიშნავს, რომ დანაკარგი შესაძლოა თურქეთის მშპ-ს 2%-მდე იყოს, ანუ ეს უკვე მნიშვნელოვანი ზიანია.
მნიშვნელოვანია აღვნიშნოთ, რომ მოხდა პორტების დაზიანებაც, რაც დიდი ზიანია. ერთ-ერთი პრობლემა რაც წარმოიქმნა არის ნავთობთან დაკავშირებით. როგორც ვიცით უსაფრთხოების მიზნით შეჩერდა ჯეიჰანის საექსპორტო ტერმინალის მუშაობა. თუ არ ვცდები, იანვარში 1 მლნ ბარელი ნავთობის გატარება მოხდა, ეს ნიშნავს რომ მთელი მსოფლიოს მარაგის 1%-ის ნავთობის ტრანსპორტირების შეჩერება ხდება. ეს საქართველოზე ალბათ ზეგავლენას ვერ მოახდენს. თუმცა ვფიქრობ, რომ საქართველოში უფრო მეტი აქტიურობა იქნება. აზიისა და სპარსეთის ყურის ქვეყნების ბიზნეს პალატის წევრები არიან როგორც ქართული, ასევე თურქული კომპანიები და მათთან მუდმივ კოორდინაციაში ვიმყოფებით. გუშინ საერთო შეკრება გვქონდა, სადაც განვიხილეთ სხვადასხვა პროექტებით როგორაა შესაძლებელი ჩვენი წევრების ჩართულობა. საინტერესო მომენტები გამოკვეთა. საუბარია სამშენებლო კომპანიის, სამშენებლო მასალების მწარმოებელი კომპანიების თურქეთის აღდგენის პროცესში ჩართულობაზე“, - აცხადებს დავით ცირდავა.
მისი თქმით, თურქეთის პირდაპირ დაასახელა, რომ დაინგრა 2818 შენობა, რაც საკმაოდ დიდი ზიანია.
„ესაა ის მაჩვენებელია, რაც ჩამოინგრა და ამის იქეთ კიდევ რაც დაზიანებულია და საჭიროებს აღდგენას ცალკე დასათვლელია. სამაშველო ოპერაციების დასრულების შემდეგ თურქეთში აქტიური აღდგენითი სამუშაოები დაიწყება და ამ პროცესებში ჩვენი ორგანიზაციის წევრები აქტიურად ჩაერთვებიან და არა მარტო საქართველოდან“, - განმარტა დავით ცირდავამ.