მომავალი წლიდან მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდის მეორე ეტაპზე, მგზავრობის დაწყებამდე სატრანსპორტო საშუალების ტექნიკური გამართულობის შემოწმება სავალდებულო იქნება.
„საქართველოს ტრანსპორტისა და გზების ასოციაციის“ ხელმძღვანელი დავით მესხიშვილი ახალ რეგულაციას მიესალმება და აცხადებს, რომ საგზაო უსაფრთხოებისთვის მძღოლებს აქამდეც უნდა სცოდნოდათ და მძღოლობის კანდიდატებმაც უნდა იცოდნენ ავტომობილის გარკვეული ტექნიკური მახასიათებლები.
„რამდენადაც ჩემთვის ცნობილია ეს ცვლილებები ევროდირექტივის მოთხოვნებს ეყრდნობა. საერთაშორისო გამოცდილებაც ასეთია, რომ მძღოლობის კანდიდატმა უნდა შეეძლოს ავტომობილის ტექნიკური გამართულობის შემოწმება. და ეს საჭიროა არამხოლოდ გამოცდისთვის, არამედ ეს საჭიროა რომ ადამიანს სათანადო ცოდნა ჰქონდეს იმიტომ, რომ ყველა მძღოლი ვალდებულია ვიდრე ექსპლუატაციას გაუწევს საკუთარ ავტომობილს ელემენტარულად იცოდეს სად რა არის ამ ავტომობილში. და განსაკუთრებით ის მონაცემები, რომელიც უკავშირდება უსაფრთხოებას, საგზაო უსაფრთხოებას. მაგალითისთვის ეს შეიძლება იყოს საბურავები, სამუხრუჭე სისტემა, მინამწმენდი მუშაობს თუ არა, შუქმაჩვენებლები გამართულია თუ არა და ასე შემდეგ. რეალურად, რომ გითხრათ მე ამ მოთხოვნებს მივესალმები“, - აცხადებს დავით მესხიშვილი.
აღსანიშნავია, რომ შესაბამისი ცვლილება შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანებითაა ( №106) გათვალისწინებული და ის 2023 წლის 1-ელი სექტემბრიდან ამოქმედდება.
კერძოდ, აღნიშნული მოთხოვნა გულისხმობს გამომცდელის დავალების შესაბამისად სატრანსპორტო საშუალების ტექნიკურ გამართულობასთან დაკავშირებით დასმულ კითხვებზე მძღოლობის კანდიდატის მიერ პასუხის გაცემას ვიზუალურად ჩვენებით, შესაბამისი ხელსაწყოს გამოყენებით ან სხვა მოქმედებით ან/და ზეპირად.
შეგახსენებთ, რომ „B“ და „BE“ კატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მისაღები პრაქტიკული გამოცდა ორეტაპიანი მიმდინარე წლის 25 აპრილიდან გახდა. პირველი ეტაპი კვლავ დახურულ მოედანზე ტარდება, ხოლო მეორე ეტაპი - რეალური საგზაო მოძრაობის პირობებში. მძღოლობის კანდიდატს უფლება აქვს პრაქტიკული გამოცდის პირველ ეტაპზე, თეორიული გამოცდის წარმატებით ჩაბარებიდან 30 კალენდარული დღის განმავლობაში გავიდეს, ხოლო პრაქტიკული გამოცდის მეორე ეტაპზე, პირველი ეტაპის წარმატებით ჩაბარებიდან 365 კალენდარული დღის განმავლობაში. ამასთან, პრაქტიკული გამოცდის მეორე ეტაპზე დაინტერესებული პირი დაიშვება (პირველადი გასვლა) პირველი ეტაპის წარმატებით ჩაბარებიდან არაუადრეს 15 დღისა.