პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარის დავით სონღულაშვილის შეფასებით, ანაკლიის პორტს ექნება იმის პოტენციალი, დაინტერესებული ქვეყნებისთვის მიზიდულობის ცენტრი, ფართომასშტაბიანი რეგიონული თუ გლობალური პროექტების ნაწილი გახდეს.
როგორც სონღულაშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა, ანაკლიის პორტის მშენებლობა სახელმწიფოს 51 %-იანი თანამონაწილეობით იწყება და პროექტი დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში, თავისი მნიშვნელობით, ერთ-ერთი გამორჩეულია.
მისივე თქმით, ინვესტორმა 5 წლის განმავლობაში აღებული ვალდებულებების სათანადოდ შესრულება და პროექტის განხორციელება ვერ შეძლო, ამიტომ სახელმწიფომ აიღო პასუხისმგებლობა და ხდება გარანტორი იმისა, რომ ქვეყნისთვის ეროვნული მნიშვნელობის პროექტი განხორციელდეს და მიღებული ეკონომიკური სარგებელი ისევ ქვეყნის საჭიროებებს მიზნობრივად მოხმარდეს.
“სახელმწიფოს მხრიდან პრიორიტეტების სწორად განსაზღვრა და შეფასება, თანმიმდევრული პოლიტიკის წარმოება ჩვენი კორიდორის მიმართ ინტერესს ზრდის.
პროცესს შესაბამისი ეკონომიკური რეფორმების განხორციელებით მხარდაჭერა სჭირდება. ამაზე მუშაობა უკვე მიმდინარეობს. სწორედ ასეთი გადაწყვეტილებებით არის შესაძლებელი ბოლო ორი წლის განმავლობაში ორნიშნა ეკონომიკური ზრდა, პირდაპირი უცხოური ინვესტიციების გაორმაგება, ჩვენს ევროპულ გზაზე კიდევ უფრო მეტი ინტეგრაცია და ქვეყნის სწორად განვითარება“, - განაცხადა დავით სონღულაშვილმა.